ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი აფთიაქის მფლობელი და ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაცია "ურეკის" თანადამფუძნებელი ლალი თავართქილაძეც გახდა, რომელიც ურეკში არსებული ვითარების შესახებ გამოვკითხეთ. საუბარში აფთიაქში წამლის საყიდლად მოსული თამაზ ჭითანავა _ რუსეთიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტიც ჩაგვერთო და როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, კურორტის შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება მოისურვა. ცხადია, საწინააღმდეგო არაფერი გვქონია. რესპონდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო – კარალეთის ამბებზე, კახი კალაძეზე ისაუბრა. ამ საუბარს ქალბატონი ლალი თავართქილაძეც დაესწრო, ოღონდ ბოლომდე არა. ის აფთიაქში შევიდა, მე კი ბატონ თამაზთან ინტერვიუ დავასრულე და ქალბატონ ლალისთან დამშვიდობება გადავწყვიტე. ამ დროს, მეტად საინტერესო საუბარს შევესწარი – ქალბატონი ლალი ტელეფონზე ჩვენთვის უცნობ ადამიანს – "ბატონ გიას" ესაუბრებოდა:
_ ენა ჩააგდებინა ჩვენს კორესპონდენტს… და კახა კალაძეზე შეეკითხა, კარალეთის ამბებზე, იმაზე საერთოდ ჩაიგდო ენა. ნუ, ეს ისეთი რაღაცაა, თქვენ რომ არ იცოდეთ, არ შეიძლება. ვაიმე, ეს იცით, როგორ იყო, ეს მოხდა უნებლიე… დაგეგმილი ხომ არ იყო, მაგრამ შემოესწრო… არაფერი… მაგრამ იცით აქ რა მოხდა? კინოს იღებენ, მაია ბურდული იღებს კინოს"… _ ამ სიტყვების შემდეგ, ქალბატონმა დაგვინახა და შეცბუნდა.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ვის "აბარებდა პატაკს" ქალბატონი ლალი და ამ დიალოგის ჩანაწერს გთავაზობთ.
_ არა, დიდი ბოდიში, ცოტა უზრდელურად გამომივიდა. ცოტა უზრდელურად გამომივიდა, თორემ არ მინდოდა, ნამდვილად ცუდი, _ ბრძანა ქალბატონმა ლალიმ, თუმცა, არ გაგვიმხილა ვის უხარებდა გულს იმით, რომ "ჟურნალისტს ენა ჩააგდებინეს".