“ქართული ოცნების” ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის თქმით, საქმე ეხება “ქართული ოცნების” აქტივისტის ილია სულიაშვილის დაკავების ფაქტს.
_ უკვე სამი საათია, სიღნაღის დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება ილია სულიაშვილის და, ირმა სულიაშვილი.
“ილიას ადმინისტრაციული წესით 35-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ამ ადამიანს სამი დღის წინ გარდაეცვალა მამა და ხვალ არის დაკრძალვა. სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი გიორგი კობიაშვილი შუამდგომლობას არ იტოვებს და შესაბამისად, არც ასლზე უწერს ხელს, რომ ჩაიბარა. ჩვენ ვითხოვდით, რომ დღეს გამოეშვათ, რადგან პანაშვიდს დაესწროს და შემდეგ გასვენებასაც. ახლა იქ ადვოკატი კობა კობახიძე ჩავა და უნდა ჩავაბაროთ ეს შუამდგომლობის წერილი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი დაჩაგრა კობიაშვილმა და თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართეთ და ეს განცხადება უპრობლემოდ ჩაიბარა. _ გვითხრა თედო კობახიძემ.
ილია სულიაშვილს პატიმრობიდან გათავისუფლებამდე, ოფიციალურად, ოთხი დღე დარჩა.