“გურია ნიუსთან” საუბარში ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ხაინდრავა აცხადებს, რომ მმართველის მიერ ჩადენილია თანამდებობის ბოროტად გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება, რაც სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებებია.
იძულებითი მმართველის წასვლის შემდეგ, ”ქართუ ბანკის” ხელმძღვანელობამ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მილიონ დოლარზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულება აღმოაჩინა. ბანკი ვალდებულია, სესხი 31 ივლისამდე გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაკოტრება ემუქრება…
ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ბანკის ლიკვიდაცია გარდაუვალია, რადგან ამ დროისათვის ბანკს 50 მილიონი დოლარის გაცემა არ შეუძლია. ქართუ ბანკში დღე-დღეზე ელიან ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, რომელეც ბანკის ლიკვიდაციის პროცედურას დაიწყებს.
”ქართუ ბანკის”დირექტორის მოადგილე ნატო ხაინდრავა “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ უგულავასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ირაკლი ზარქუამაც, რომელიც უგულავამ ბანკის დირექტორად დანიშნა. ქართუ ბანკში ვარაუდობენ, რომ ეროვნული ბანკიდან მოვლენილ დროებით ადმინისტრაციას ისევ ზარქუა უხელმძღვანელებს. ნატო ხაინდრავა აცხადებს, რომ დეველოპერული კომპანიები და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად მოქმედებდნენ , რათა ”ქართუ ბანკის” ძველი ხელმძღვანელისთვის დაბრუნება არ დაეშვათ.
”ქართუ ბანკის” ხელმძღვანელობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და უგულავას მიერ დეველოპერულ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების ბათილობა მოითხოვა. ინფორმაციის კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, ” ქართუ ბანკში” არ სახელდება ის დეველოპერული კომპანიები, რომლებმაც ბანკთან მათთვის საკმაოდ მომგებიანი ხელშეკრულებები გააფორმეს.
როგორც ირკვევა, ”ქართუ ბანკიდან ”წასვლის წინ უგულავამ თანამშრომლების მიმართ უპრეცედენტო ხელგაშლილობა გამოიჩინა და ”ბანკ ქართუს” სალაროში დარჩენილი ფული პრემიებად დაარიგა.