უკანონოდ გამოცემული ბრძანება, საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ მას შემდეგ შეცვალა, რაც “გურია ნიუსმა” სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბრძანება ადმინისტრაციულ აქტად გამოიცა. თუმცა, პრობლემა, პრობლემად დარჩა _ ხალხის ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციულ შენობაში არც მოქალაქეებს და არც ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევა.
ბოლო დროს კი, საჯარო მოხელეების ნახვა, რომლებთანაც ბევრი შეკითხვა დაგროვდა, არ ხერხდება. გამგეობასა და საკრებულოში მისულებს ერთი და იგივე პასუხით გვისტუმრებენ უკან: _ მოხელე, რომლის ნახვა თქვენ გინდათ, სამსახურში არ იმყოფება, მოსახლეობასთან, შეხვედრაზეა გასული.
ამ ფაქტის გადამოწმება კი მხოლოდ იმ მიზეზით არის შეუძლებელი, რომ საშვის გარეშე, რომელზეც თანხმობა იმ პირმა უნდა მოგვცეს, ვისთანაც მივდივართ, შენობაში არ გვიშვებენ.
როგორც გვეუბნებიან, ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა საგანგებო თათბირი მოაწყო და თანამშრომლებს “გურია ნიუსის” ჟურნალისტებთან საუბარიც კი აუკრძალა.
ჩვენი წყაროს თქმით, გამგებელი საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გაშვებითაც კი დაემუქრა: _ ჟურნალისტებთან საუბარი აკრძალული გაქვთ. თუ გავიგებ, რომ ასე არ ხდება, სამსახურს დაკარგავს, _ უთქვამს გამგებელს.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი: _ როგორ ფიქრობთ, ასეთ აბსურდებზე საჯარო მოხელე კომენტარს უნდა აკეთებდეს? ეს აბსურდია! _ გვითხრა გამგებელმა.
გარდა იმისა, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს, საჯარო მოხელეები, ჩოხატაურში რეაბილიტირებული 3-მილიონიანი წყალივით უნახავი გაუხდათ, პრობლემებს ვაწყდებით სოფლის პროექტების მონიტორინგის გახორციელების დროსაც _ არც ერთი სოფლის რწმუნებული საუბარზე არ გვთანხმდება და გამგეობაში გვამისამართებს. უფრო მეტიც, არც იმ ობიექტებს გვაჩვენებენ, რომლებიც ხალხის ფულით გაკეთდა.
გასულ კვირას, სოფელ ჩაისუბანში, მონიტორინგის გახორციელებისას ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. ადმინისტრაციულ შენობაში არავინ დაგვხვდა _ არც რწმუნებული და არც თანაშემწეები. გვითხრეს, რომ თათბირზე იყვნენ წასულები, თუმცა, ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან კაბინეტის კარები ღია იყო, რაც იმის ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომ სოფლის ხელმძღვანელობა დაგვემალა.
გასულ სამშაბათს კი, სოფელ ფარცხმის რწმუნებული, გია ცინცაძე მხოლოდ იმ მიზეზით არ დაგველაპარაკა, რომ “გურია ნიუსი” და შესაბამისად მისი ჟურნალისტები პოლიტიზირებულები არიან. ცინცაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი არ არის, თუმცა, არ აკონკრეტებს კიდევ ვინ ფიქრობს ასე და რეალურად რა არის იმის მიზეზი, რომ ხალხისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს არ სცემს.