25 ივლისს, ბრიუსელში დაფუძნებულმა კოალიციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 50 ათასი სატელიტური თეფშის ჩუქებას.
ორგანიზაციის ლონდონის ოფისის ხელმძღვანელი ნანა ელიოტი „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს , რომ ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომლის უკან დგანან გულანთებული ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„მიხედავად იმისა, რომ მასთ ქერისა და მასთ ოფერის პრინციპი ამოქმედდა საქრთველოში, სამწუხაროდ ეს არ შეეხო რეგიონებს , საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ სატელიტური ანტენები და ვერ იღებენ საკაბელო ტელევიზიის სიგნალს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადავცეთ 50 ათასი თეფში იმ პირობით, თუ საქართველოს მთავრობა ამ ანტენებს საკუთარი სახელით გაავრცელებს. ამის შედეგად, ჩვენ მივიღებთ ინფორმირებულ ამომრჩეველს და ერთხელ და სამუდამუდ ბოლო მოეღება სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ სატელიტური ანტენებით ხდება ამომრჩველის მოსყიდვა,”-აცხადებს ნანა ელიოტი „გურია ნიუსთან“ საუბარში.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, _ თუ რა თანხით მოხდება სატელიტური თეფშების ყიდვა, ელიოტმა განაცხადა: ჯერ დაველოდებით მთავრობის პასუხს და ამის შემდეგ გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფინანსურ დოკუმენტაციას, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე”.