ჩვენ ამ სოფელში იმ დროს მივედით, როცა მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქართველოსთან ხელშეკრულებას და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოცემულ ფურცლებს ურიგებდა. ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონის თქმით, აქ 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება ხდებოდა. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, არიგებდნენ თუ არა მართლაც ვაუჩერებს, მაგრამ ორგანიზატორებმა ამის საშუალება არ მოგვვცეს და ფურცლებიანი ყუთი ერთ-ერთ სახლში შეიტანეს.
შეხვედრაზე თავიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თემურ მოქიაც ესწრებოდა, რომელმაც ჩვენი გამოჩენისთანავე შეხვედრა დატოვა. აღსანიშნავია, რომ იგი დვაბზუში საკრებულოს თავმჯდომარის ალეკო მამეშვილის მანქანით იყო მისული.