ხელშეკრულებასაც და ლიფლეტსაც, რომელიც წარწერის მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით დაიბეჭდა, ერთი და იგივე პარტიული დევიზი _ “მეტი სარგებელი ხალხს!” აწერია. ხელშეკრულებას ხელს პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი აწერენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბეჭედი აქვს დასმული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რის გამოც მოსახლეობა ლიფლეტს ვაუჩერად მიიჩნევს, ლიფლეტის ის ნაწილია, რომელსაც აწერია: “1000 ლარიანი ვაუჩერი. ოჯახი თავად წყვეტს რა ხარჯი დაფაროს”… აქვეა ფოტო, თუ როგორ გამოიყურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასანაღდებელი 1000-ლარიანი ვაუჩერი.
რაც შეეხება ხელშეკრულებას, მასში ნაცმოძრაობა პირობას დებს, რომ ყველა ოჯახი მიიღებს 1000-ლარიან ვაუჩერს. აქვეა მითითებული, თუ რაში შეიძლება დახარჯოს ოჯახმა “ნაციონალური” ვაუჩერი.
სოფელ დვაბზუში ამ მასალების დარიგების პროცესს ოზუგეთის საკრებულოს ნაციონალური ფრაქციის ხელმძღვანელი თემურ მოქიაც ესწრებოდა. იქვე იდგა საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანაც. “გურია ნიუსის” გამოჩენის შემდეგ, მოქიამ შეხვედრა დატოვა, ორგანიზატორებმა მასალების გაცნობის საშუალება ჟურნალისტებს არ მისცეს, ხელი მოხვიეს და ერთ-ერთი მოსახლის ეზოში შეიტანეს.
ჩვენ ვეცდებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მივიღოთ პასუხი არის თუ არა ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვა.