საწარმოს მუშები დაცვის პოლიციას საწარმოს დატოვებას თხოვენ: “რომ მობრძანებულხართ აქ ხალსტუხებით და არაფერი საბუთი არ გაქვთ, თუ შეიძლება გაბრძანდით და მოგვეცით მუშაობის საშუალება. ჩვენ ოჯახები გვყავს და აქ სამუშაოდ ვართ მოსულები,” _ ეუბნებიან მუშები დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც კომენტარს არაფერზე აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიცია საწარმოს იურისტმა, იმედა ნიკურაძემ გამოიძახა, რათა მათ მოახდინონ აღსრულების ბიუროსა და მათ მიერ მიყვანილი დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან ტერიტორიის გათავისუფლება.
იურისტის განცხადებით მათი საწარმოს ტერიტორიაზე ყოფნა აფერხებს მუშაობას. ეს ტერიტორია “ელიტა ბურჯს” ოფიციალურად აქვს ნაქირავები შპს “ბურჯისგან”, რომელიც გაიყიდა.
“მათ ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რა სამართლებრივ საფუძველზეშემოვიდნენ საწარმოში. გაუგებარია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე “ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე რატომ უნდა იმყოფებოდნენ ეს ადამიანები. 14 საათია ვერ წარმოადგინეს ვერანაირი საბუთი,” _ განაცხადა იურისტმა “გურია ნიუსთან” საუბარში.
სააღმსრულებლო ბიუროს თანამშრომელმა განაცხადა, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებენ და “ელიტა ბურჯის” ახალი მეპატრონის ინტერესებს ითვალისწინებენ. თუმცა, ოფიციალურად, ჯერჯერობით, აღნიშნული საწარმოს ახალი მეპატრონის ვინაობას ვერ ასახელებენ.
” ბურჯი” 2 აგვისტოს გაიყიდა აუქციონის წესით და 12 აგვისტომდე აქვს ვადა ახალ მეპატრონეს გადაიხადოს ფული. თუ ვერ გადაიხდის, გაუქმდება შედეგი და თავიდან ჩატარდება აუქციონი.