25 იანვარს, ოზურგეთში (ისევე, როგორც მთელ საქართველოში) ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასმა, წინა დღესთან შედარებით, ერთი ლარით მოიმატა. მყიდველ-გამყიდველთა ვარაუდით, ხვალ უარესი მოხდება _ შეიძლება, რამდენიმე ლარით ერთ დღეშიც გაძვირდეს და “პური ჩვენი არსობისა”, ჩვენი ყოფნა-არყოფნის დილემად სასწრაფოდ იქცეს. მართალია, ამ დღეს ოზურგეთის მაღაზიებსა და საცხობებში, პურის ბოლოდროინდელი წონა და ფასი შეცვლილი არ იყო, მაგრამ 26 იანვრიდან, როგორი ზომა-წონის პურს შესთავაზებენ მომხმარებელს, ზუსტად არავინ იცის. სამაგიეროდ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფრიად ორიგინალური განცხადების გაკეთება იცის, თან _ პროდუქტზე ფასის ზრდის პარალელურად: 25 იანვარს შუადღისას, “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მან თქვა, რომ ქვეყანაში რომელიმე პროდუქტის დეფიციტს გამორიცხავს!
პურის ფქვილის ფასის ზრდის პროცესში მაღაზიების არაერთი გამყიდველიც სცოდავს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მომატებული ფასს თავადაც ზრდიან _ 25 იანვარს, როცა “გურია ნიუსი” ოზურგეთის ბაზარსა და ქუჩებში გამოკითხვას აწარმოებდა, რამდენიმე გამყიდველმა 50 კგ წონის ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი, ჯერ 58 ლარიაო, გვითხრა და ასეც ყიდდა. მერე კი, როცა გაიგო, ჟურნალისტები ვიყავით, გვთხოვა, თუ უნდა გამოაქვეყნოთ, დაწერეთ, რომ 57 ლარად ვყიდიო(?). რაც შეეხება სიმინდს, ოზურგეთში 1 კილოგრამის ფასი 1 ლარია და სიძვირისგან პირკატანაცემი გურულები ამ ფასის “ხეირს,” წამიერად, მაინც იუმორში ხედავენ, _ ასე უკეთესი საანგარიშოაო; რაც შეეხება შაქარს, 25 იანვარს 1 კგ-ის ფასი 2 ლარი და 70 თეთრი იყო. მოსახლეობაში პანიკური შიშია, რომ მალე ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 3 ლარი გახდება და ენადაშაქრული მინისტრიც ეკრანზე გამოჩენას არ დააყოვნებს, დარდი ნუ გაქვთ, დეფიციტი არ არსებობსო, თან საგანგებოდ დაგვმოძღვრავს შეგონებით, რომლის ტექსტი ასეთია:
“შეგიძლიათ, კომპანიებს დაელაპარაკოთ, მათ ჰკითხოთ ინფორმაცია შაქრის დეფიციტთან დაკავშირებით. ფიზიკური დეფიციტის პრობლემა არ არის ქვეყანაში, არც ერთი პროდუქტის და არც არის მოსალოდნელი. დანარჩენი ინფორმაცია, შეგიძლიათ, კომპანიებისგან აიღოთ, რომ დარწმუნდეთ ამ ინფორმაციის სისწორეში.”
Developed By Web Features 2024 © All rights reserved