სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური თერაპიის კურსის დახურვა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მომღერალი ნინო ქათამაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნინო ნახუცრიშვილი დაესწრნენ. მუსიკაური თერაპიის პროექტი „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ქალთა ფონდმა საქართველომ“ განახორციელეს.
დაწესებულებაში მყოფი ქალბატონებისთვის ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მსჯავრდებულებულებმა კი, მუსიკალურ ალბომში შესული რამდენიმე სიმღერა წარადგინეს.
მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებით, დღეისათვის, წინა წლებთან შედარებით, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით ჰუმანურია. სტუმრებმა მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრებიც დაათვალიერეს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა გაგრძელდება და შემოქმედების გაცვლის სახე ექნება. საღამოზე დიდი სიყვარული სუფევდა და მადლობა ქალბატონებს, განსაკუთრებით მომღერლებს, რომელთაც მოკლე დროში ასეთ შედეგს მიაღწიეს,“ – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ წარმომადგენელმა მარიკა ნათაძემ აღნიშნა, რომ მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას. მისი თქმით, მუსიკის მეშვეობით, ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ დადებითი ემოციები მიიღონ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, მსგავსი პროექტების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.
(R)