“”ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს.
შსს ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის შეურაცხყოფას ედავება. ეს მუხლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პატიმრობის გარდა ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა შსს-ს მოთხოვნა იყო, რომ მის მიმართ უმკაცრესი ზომა, პატიმრობა გამოყენებულიყო.
„რა თქმა უნდა სასურველია, რომ არ დამაკავოთ, მაგრამ თუ დამაკავებთ, ეს არ შეცვლის ჩემს შინაგან განგაშს, როგორ მოცოცავს ოკუპანტი და რა უსუსურ მდგომარეობაში ვართ. თქვენც გეყოლებათ შვილი. მე მინდა, რომ ჩვენი შვილები დემოკრატიულ, რუსებისგან თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ“, — თქვა ლიკამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა.
შსს-ს თქმით, ლიკა შავგულიძე „უმისამართოდ იგინებოდა“ და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს. კერძოდ, მიმართავდა სიტყვებით: „თავხედებო, რუსებო, მოღალატეებო“.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს დააკავეს რუსთაველზე. ძალადობრივად, ათობით სხვა ადამიანთან ერთად. იმას, რომ ძალადობრივად არის დაკავებული, მოწმობს მისი შემოხეული ქურთუკიც, რაც სასამართლოშიც აჩვენა მოსამართლეს.


































































