დმანისის ყოფილი მერი, მასზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში ის ცოტა ხნის წინ, მისი მისამართით სროლის ფაქტს იხსენებს და სავარაუდო შემსრულებლებსაც ასახელებს – ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს.
ტატულაშვილი თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც ირკვევა 5 ტყვია ტატულაშვილის მანქანას მოხვდა. ტატულაშვილი არ დაშავებულა:
“ვუკავშირებ ჩემ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტივობას, 2020-ში, 2021-ში, ეხლაც. 5 გასროლა იყო , მანქანას მოხვდა და არ გაატარა. დმანისში მივდიოდი თბილისიდან, უკან კუდი მყავდა და მივხვდი რაც უნდა მომხდარიყო. ქართული ოცნების ზონდერები უნდა იყვნენ წესით – მენაბდიშვილი და ოკმელაშვილი. ვიდეორეგისტრატორზე ჩანს ყველაფერი. დაფიქსირებულია მანქანა რომ გადაღობეს გადმოვიდნენ…მანქანა არ გამიჩერებია, მერე პოლიციამ გადაუღობა გზა, არ დაემორჩილნენ როგორც მე ვიცი, წავიდნენ გააგრძელეს გზა. ჩემ მანქანას საბურავები აქვს დახვრეტილი და მძღოლის, ჩემ სკამშია გაჩერებული ტყვია. მერე სადამდეც იარა მანქანა იარა და მერე გავჩერდი” _ ამბობს ტატულაშვილი “მთავართან” სატელეფონო საუბარში.
დმანისის ყოფილი მერი შემთხვევის დროს მარტო გადაადგილდებოდა, ამჟამად კი ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მანქანა ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანონ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა დმანისში – მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა გიორგი ტატულაშვილი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მისი მანქანის მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს.