გუშინდელი დღე მინისტრთა კაბინეტმა ოზურგეთში გაატარა. დახურულ კარს მიღმა საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, მედიკოსებს და სხვადასხვა საჯარო სამსახურის უფროსებს შეხვდნენ.
თავად პრემიერმა რამდენიმე წუთი ფერმერებს დაუთმო. ფერმერებს პირობითად, რადგან შეხვედრაზე რამდენიმე საჯარო მოხელე და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იყვნენ. შესაბამისად, მერაბიშვილს მწვავე შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა არ მოუხდა. ამავე შეხვედრაზე ფერმერის სტატუსით ჩინოვნიკების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის კუდ-ის ჩოხატაურის განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ანდღულაძის მამა (იგი ჭადრაკის ფედერაციას ხელმძღვანელობს გურიაში), რომელმაც მოგვიანებით შეხვედრის შთაბეჭდილებები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გაუზიარა.
ჩვენი წყაროს ცნობით, დღევანდელ დღეს პრემიერი და მისი გუნდი ჩოხატაურს დაუთმობს, თუმცა, რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი ლანჩხუთის მუნციპალიტეტში.
პრემიერმინისტრის ვოიაჟის დეტალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული. როგორც გვითხრეს, მერაბიშვილი დღის ბოლოს თათბირს ჩინოვნიკებს ჩაუტარებს, თუმცა, მანამდე რამდენიმე შეხვედრა სხვადახვა სოფელშია დაგეგმილი.
მერაბიშვილის პრესსამსახურის უფროსი ზურაბ გვენეტაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ადგილობრივი ხელისუფლება კი განმარტავს, რომ მთავრობის და პრემიერის შეხვედრების გრაფიკის პრესისთვის გაცნობა მათი პრეროგატივა არ არის.
როგორც “გურია ნიუსის” წყარო ამბობს, ვანო მერაბიშვილი რამდენიმე შეხვედრას კერძო სახლში ჩაატარებს და მხარდამჭერებს იქ გაესაუბრება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრებს სუფრებიც მოყვება და როგორც გვითხრეს, მზადება უკვე დაწყებულია.
ამ წუთებში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ბაკურაძე სოფლის რწმუნებულებს ხვდება.
ადმინისტრაციულ შენობაში ჩვენი შესვლა ვერ ხერხდება. მოქალაქეთა მისაღებში გვეუბნებიან, რომ ყველა ჩინოვნიკი დაკავებულია და ჩვენი მიღება, რიგით სპეციალისტსაც კი არ შეუძლია. ამ პასუხის გადამოწმება იმ მიზეზით არ შეგვიძლია, რომ შენობის დაცვა მეორე სართულზე ასვლის საშუალებას არ გვაძლევს.