ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ სამთავრობო ჯიპების სიმრავლეც ამაზე მეტყველებდა.
მართალია, ლანჩხუთის გამგეობაში ჟურნალისტებს შესვლას არავინ უშლის, მაგრამ გამგეობის ყველა თანამშრომელს პირში წყალი აქვს დაგუბებული და უბრალო შეკითხვაზე პასუხის გაცემისგანაც კი იკავებს თავს.
მინისტრის ძიებაში, მესამე სართულზე საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გოგუაძე აღმოვაჩინეთ. რევაზ ჩიტიძემ, ჩვენს კითხვას, სად ატარებდა მინისტრი შეხვედრას, არ უპასუხა. დეპუტატმა კი დაგვაკვალიანა, ჟურნალისტებს ყველა შეკითხვაზე პრესცენტრი გაგცემთ პასუხსო. არც ეთერ ჭყონია აღმოჩნდა კაბინეტში _ გავიგეთ, რომ ისიც შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ამასობაში ლანჩხუთის გამგეობის დიდი სააქტო დარბაზიდან ადგილობრივი ექიმები და სოციალური სააგენტოს თანამშრომლები გამოვიდნენ _ თურმე, ჭიაბერაშვილი სწორედ მათთან მართავდა შეხვედრას.
ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, ლანჩხუთის საავადმყოფოს ექიმს მაია ჩხაიძეს გავესაუბრეთ და ვკითხეთ, რაზე ისაუბრა მინისტრმა მედპერსონალთან: _ ჩვენს პრობლემებზე გვესაუბრა, _ გვიპასუხა ექიმმა.
მაია ჩხაიძეს არც იმაზე ჰქონდა ინფორმაცია, იგეგმება თუ არა ლანჩხუთის საავადმყოფოს რეაბილიტაცია.
ინფორმაცია, რომ მინისტრი საავადმყოფოშიც აპირებდა შეხვედრის გამართვას, არ დადასტურდა.