ჩვენი იქ მისვლის დროს, მინისტრი სოფლის ცენტრში, მოსახლეობის მცირე ჯგუფს დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრებოდა. ჯუნეწერელებთან შუამავლობას მინისტრს ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე კახა ასკურავა უწევდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მმართველი პარტიის ადგილობრივი აქტივისტები და კოორდინატორები ჭარბობდნენ უბრალო მოქალაქეებს.
ჯუნეწერელები მინისტრს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრებოდნენ. ამ პრობლემების არსი კი ერთია _ სიღარიბე და ტოტალური უმუშევრობა.
დასაქმების მინისტრიდან ვერ შევიტყვეთ, რა კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს სამინისტრო უმუშევრობის აღმოსაფხვრელად.
ტრაპაიძემ მოისმინა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის _ შაქრო დიასამიძის პრობლემის შესახებ. დიასამიძეს მოულოდნელად შეუწყვიტეს სოციალური სტატუსი და ექვსსულიანი ოჯახი, რომლის არც ერთ წევრს არ აქვს სტაბილური სამუშაო, დახმარების გარეშე დატოვეს. “გურია ნიუსი’’ რამდენიმე თვის წინ წერდა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ამას დადებითი შედეგი არ მოუტანია დიასამიძეების ოჯახისთვის. გამგებლის მოადგილემ ვერც ახლა უთხრა რაიმე დამაიმედებელი დახმარებაშეწყვეტილ მოქალაქეს.
ერთ-ერთი ადგილობრივი შეხვედრაზე “ქართული ოცნების” მაისურით შემოსილი გამოცხადდა _ მან თქვა, რომ ამით მთავრობის პიარ-აქციებს აპროტესტებს.