“ანაკლიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ზღვისპირეთში დასვენების მსურველებმა და უცხოელმა ტურისტებმა კარგად დაისვენონ,” _ ეს სიტყვები მინისტრმა ვერა ქობალიამ რამდენიმე დღის წინ ბრძანა.
იმისთვის, რომ კარგად დაისვენო, საჭიროა, სულ მცირე, დანიშნულების ადგილამდე კომფორტულად იმგზავრო. თუ გადაწყვეტთ, საკუთარი მანქანა სახლში დატოვოთ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დანიშნული ტრანსპორტით იმგზავროთ, ნამდვილად არ გირჩევთ.
ზუგდიდს რამდენიმე სატრანსპორტო სადგური აქვს. “გურია ნიუსმა” თითქმის ყველა მათგანი შემოიარა. პირველი, სადაც მივედით, ზუგდიდის რკინიგზის სადგური იყო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგურია განთავსებული, საიდანაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაჰყავთ მგზავრები. აღმოჩნდა, რომ აქედან ზღვისპირა ანაკლიაში არაფერი გადის. როგორც მძღოლებმა მიგვასწავლეს, მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში, “სვანების კოშკთან” მდებარე სადგურიდან გადიან ანაკლიიდან ავტობუსები, მაგრამ ამ დროს (საუბარია დილის 10 საათზე) იქედან არაფერი გავა.
გადავინაცვლეთ “სვანების კოშკთან” მდებარე ავტოსადგურში, სადაც ანტისანიტარია მეფობს. სადგურში არც ერთი სკამი არ დგას, რომ მგზავრი ჩამოჯდეს. ერთადერთი მიკროავტობუსი კი, ანაკლიაში დღის მეორე ნახევარში გადიოდა. მიკროავტობუსის მძღოლმა აგვიხსნა, რომ დილის საათებში მხოლოდ “კოკა-კოლას” ავტოსადგურიდან არის ანაკლიაში მგზავრობა შესაძლებელი. ფოტოების გადაღებისას, მძღოლებმა გვირჩიეს წვიმიან ამინდში მოვსულიყავით _ მაშინ უკეთ ჩანს აქ რა ხდება!..
ე.წ. “კოკა-კოლას” ავტოსადგური ზუგდიდის რაიონის პოლიციის და პროკურატურის ყოფილი ტერიტორიაა, საიდანაც ანაკლიაში თბილისიდან ჩაყვანილი ყვითელი ავტობუსი გადის. მგზავრობა კი სასუქის, პურის ფქვილის ტომრებთან და გაზის ბალონებთან ერთად მოგიწევთ. ეს კი საკმაოდ დამღლელი მგზავრობაა, რადგან სამოთხედ მონათლულ ანაკლიამდე გზა დანგრეული და მოუწესრიგებელია!