„გურია ნიუსმა“ დეტალების გარკვევა კომისიასთან სცადა და პრესსამსახურს ერთადერთი შეკითხვით მიმართა-რა კითხვები აქვს კომისიას მმართველი პარტიის მიმართ.
აღმოჩნდა რომ კომისიაში ამ განცხადების შესახებ არაფერი იცოდნენ. დაპირების შემდეგ, რომ განცხადებას გაეცნობოდნენ, „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა უწყებათაშორის კომისიას:
_ ვერ გავიგეთ რომელ განცხადებაზე მეუბნებით და სად ვართ ჩვენ ნახსენები, შეგიძლიათ კიდევ ერთელ გამიმეოროთ? უკაცრავად, რომ გეუბნებით ამას. ჩვენ მოგვმართავენ რამეს? თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს? მე თითქოს პირველ შემთხვევაში გავიგე, რომ ინფო 9-ის ვიდეოსთან დაკავშირებით მკითხეთ. იქ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე იყო საუბარი და ჩვენ ვთქვით, რომ საკითხს გავარკვევდით. მე მგონა, ამას მეკითხებოდით, გავეცნობით ამ განცხადებას და გავერკვევით. თუ განცხადება იქნება გასაკეთებელი, გავაკეთებთ და მოგცემთ კომენტარს. 20 წუთში დამირეკეთ.”
20 წუთის შემდეგ…
_ იცით, ვერაფრით ვერ ვნახე ეს განცხადება, თუ შეიძლება ლინკი გადმომიგზავნეთ. ეხლაც შესული ვარ და ვერ ვნახე. გთხოვთ, ჩამიგდეთ ლინკი, ვერ ვპოულობ.
„გურია ნიუსის“ დახმარებით, კომისიამ აღნიშნული განცხადება იპოვა და გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვა
რამდენიმე წუთში „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა კომისიის პრესსამსახურს.
_ წავიკითხე, მაგრამ გავარკვევ ამას კომისიის წევვრებთან, კონკრეტულად რა შეკითხვით მიმართა პარტიას, დღეიდან დავიწყებ ამის გარკვევას, მაგრამ ვერ გეტყვით რომ დღესვე გეტყვით.”
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება დაგეგმილი იყო დილის 10:00-დან 12:30 საათამდე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 13:00 საათიდან დიდგორის ველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები უნდა დაწყებულიყო.
პარტიის მტკიცებით, მათ წინასწარ ვერ გათვალეს ღონისძიების მაშტაბები, რის გამოც მათი ღონისძიება მუნიციპალიტეტისას დაემთხვა და გარკვეულწილად ხელი შეუშალა მის ნორმალურ მიმდინარეობას.
არაერთი თვითმხილველის თქმით, ღონისძიებაზე დამსწრე ნაციონალური მოძრაობის თეთრ-წითელ მაისურებში ჩაცმული ადამიანები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით თავად ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა მიიყვანეს. უბრალოდ მმართველმა პარტიამ ჭამა-სმის დროს, მენეჯმენტში მოიკოჭლა.
ასე იყო თუ ისე, მმართველი პარტია თვლის, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს კონცერტი სრულფასოვნად არ ჩაატარებინა და მათ მიერ კულტურული ღონისძიებებისათვის დახარჯულ თანხას აანაზღაურებს.
„სამწუხაროდ, ღონისძიების მასშტაბურობიდან – მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, ღონისძიება ვერ დასრულდა დაგეგმილ დროზე და იგი გაგრძელდა, დაახლოებით 14:00 საათამდე.
შესაბამისად, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ჩვენი პარტიული ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ( საჯარო კონცერტის ) პარალელურად მიმდინარეობდა.”
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიის ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სრულად ავუნაზღაუროთ დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო კონცერტის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯები,“_ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განხადებაში.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მუნიციპალიტეტის სახელით ორგანიზებული ღონისძიება მმართველი პარტიის პარტიულ ღონისძიებად აღიქვა, რის გამოც მათ მიმართ არაერთი კითხვა და პრეტენზია გაჩნდა. მაგალითად, რატომ არ დაუშვეს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასზე ქართული ოცნების წევრები, რატომ იყო შესვლა სიის მიხედვით და ასე შემდეგ.
უცნაურია, რომ მმართველი პარტია განცხადებაში უწყებათაშორისი კომისიის მიერ დასმულ შეკითხვებზე საუბრობს იმ დროს, როდესაც კომისიამ ამ განცხადების არსებობაც კი არ იცის.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დიდგორობაზე კულტურული ღონისძიებები ჩატარდა, ვიღაცეებმა იმღერეს, სხვებმა იცეკვეს, ხელნაკეთი ნივთებიც გაიყიდა…
ასე რომ, რა თანხას ურიცხავს პარტია მუნიციპალიტეტს და რა მიზნით, გაურკვეველია.
„განვმარტავთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი გაღებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას,“_ ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.