სავარაუდოდ, მას ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას ან მოხმარებას წაუყენებენ. გიორგი გოგოხია თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. დაკავების დროს შედგენილ ოქმს მან ხელი არ მოაწერა.
დეტალების გასარკვევად „გურია ნიუსი“ „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელს, ვარლამ ხათრიძეს დაუკავშირდა:
„გიორგი გოგოხიას დაკავება, დღეს, დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა. როგორც თავად განმარტავს, გადასასვლელ ხიდთან ვინმე დათო შამუგიასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მისი თქმით, ასევე „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის წარმომადგენელია. ამ უკანასკნელისთვის დაურეკავს ვინმე შმაგი გაჩეჩილაძეს და მიუწვევია სახლში. გოგოხიას, რატომღაც, თავიდანვე არ მოწონებია ეს მიპატიჟება და პირდაპირ უკითხავს, _ ყველაფერი რიგზეაო? მიუხედავად ამისა, ის მაინც გაჰყვა შამუგიას ნახალოვკაში, ნინუას ქუჩაზე.“
როგორც ვარლამ ხათრიძე განმარტავს, შმაგი გაჩეჩილაძესთან მისულებს, სახლში არავინ დახვედრიათ, ისინი შევიდნენ ოთახში, მაგიდაზე კოკა-კოლა იდგა, დალიეს და სწორედ ამ დროს შევარდნენ იქ სამართალდამცველები, რომლებმაც სპეცოპერაცია ჩაატარეს გოგოხიას დასაკავებლად. როგორც გოგოხიამ ვარლამ ხათრიძეს უთხრა, მას გამზადებული შპრიცი ჯერ ჩაუდეს ჯიბეში და შემდეგ ამოუღეს.
„დაკავებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ, გიორგი გოგოხიას გულის ტკივილი დაეწყო და ექიმი მოითხოვა. როგორც ამბობს, მას საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს გულთან დაკავშირებით და გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, სასწრაფო დახმარება არ გამოიძახეს და საკუთარი ინიციატივით, ექიმის ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დაალევინეს 2 აბი, რომელზედაც უთხრეს, რომ კორსიზი იყო. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომლის პასუხიც, ჯერჯერობით, უცნობია“, _ განაცხადა ხათრიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
გიორგი გოგოხიას დამცველი ეჭვობს, რომ შესაძლოა, რაიმე ყოფილიყო გარეული ან კოკა-კოლაში, ან ე.წ „კორსიზის“ აბებში, რომელიც არავინ იცის, სინამდვილეში რა პრეპარატი იყო. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი ხვალ იქნება ცნობილი.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, დაკავებულია თუ არა გიორგი გოგოხიას თანმხლები პირი დათა შამუგია. ვარლამ ხათრიძემ სამართალდამცველებისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.