წყაროს ცნობით, სუფრას უკლებლივ ყველა მინისტრი ესწრებოდა. მათთან ერთად იყო გურიის ყოფილი გუბერნატორი, მიხო სვიმონიშვილი. აღსანიშნავია, რომ შალვა თოდრია სვიმონიშვილთან დაახლოებული პირია _ გამგებლობის შემდეგ, სვიმონიშვილმა თოდრიას მარნეულის სასურსათო ქარხანა ჩააბარა სამართავად. ამ ოჯახში გამართულმა სამთავრობო სუფრამ და იქ სვიმონიშვილის ყოფნამ, კიდევ ერთხელ გაამყარა მოარული ხმები, რომ მმართველი პარტია, მაჟორიტარობის კანდიდატად ჩოხატაურში სვიმონიშვილს დააყენებს.
მიხო სვიმონიშვილთან დაკავშირება “გურია ნიუსმა” ვერ მოახერხა _ ყოფილ გუბერნატორს ტელეფონი ჰქონდა გამორთული.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის განმარტებით კი, სვიმონიშვილის კანდიდატურა არ განიხილება: _ მიხო კარგი მეწარმეა, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, თუმცა, ვიცი, რომ დეპუტატობის კანდიდატად არ განიხილება.
_ როგორც გვითხრეს, სუფრის ხარჯები მან გაისტუმრა და მინისტრებთან ერთად მოილხინა, რამაც მისი შEსაძლო კანდიდატობის თემა კიდევ ერთხელ წამოსწია წინ…
_ მე არ ვიცი, ვინ გაისტუმრა სუფრის ხარჯები. მართალია, მიხო იყო ჩვენთან ერთად, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატი იქნება. მას მართლა ბევრი საქმე აქვს.
_ თქვენ არ იქნებით კანდიდატი ოზურგეთში?
_ არა. არ ვიქნები, _ კიდევ ერთხელ დააზუსტა ნიკოლაიშვილმა და აღნიშნა, რომ პრემიერის და მინისტრების გურიაში სტუმრობა ნაყოფიერი იყო: _ მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტებით. მინისტრებმა საკუთარი თვალით ნახეს ყველა პრობლემა, ერთად გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადაიჭრას. დალაგდა და გადაწყდა ჩოხატაურში ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხი, განათლების პრობლემებში გაერკვა მინისტრი. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი გურიისთვის ძალიან შედეგიანი იყო, _ თქვა ნიკოლაიშვილმა.