ქრისტიან დემოკრატი ლევან ვეფხვაძე გურიანიუსთან საუბარში აცხადებს , რომ ეს „ლამაზი იდეა“რეალურად ვერ შეცვლის იმ სტუდენტების მდგომარეობას , ვინც სახელმწიფოსგან დაფინანსება საერთოდ ვერ მოიპოვა. დღეის მგომარეობით 10 ათასზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩარდა.
„დღეს, რეალურად, 10 სტუდენტიდან დაფინანსებას იღებს მხოლოდ 3, დანარჩენები თვითონ იხდიან სწავლის გადასახადს. შარშანდელი 24 ათასი სტუდენტიდან, 17-18 ათასი დარჩა დაფინანსების გარეშე. რა თქმა უნდა, იმ ნაწილისთვის, ვინც მიიღო დაფინანსება, ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება. თავისთავად, განათლების სამინისტრო რასაც გვთავაზობს, არ არის ცუდი, რადგან ამით დაფინანსება გაეზრდება უმაღლეს სასწავლებლებს, ხელფასები მოემატებათ პროფესორ-მასწავლებლებს, მაგრამ ეს იმ 2/3 სტუდენტისათვის, ვინც სახელმწიფო გრანტის გარეშე დარჩა, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას ვერ მოხსნის,“_ აცხადებს ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.
„სახელმწიფო გრანტი ყველა სტუდენტს“ _ ეს „ქრისტიან დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი პოსტულატია. პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყველა სტუდენტი 50% -ით უნდა დააფინანსოს, რაც ყოველწლიურად, ბიუჯეტში, 20 მილიონის დამატებას ნიშნავს.
„რამდენადაც მახსოვს, განათლებისა და სამეცნიერო გრანტების დაფინანსებისთვის 380 მილიონია გამოყოფილი, ჩვენ კი ვითხოვთ, რომ ყოველწლიურად, ბიუჯეტი 20 მილიონით გაიზარდოს, რათა სახელმწიფომ ყველა სტუდენტის დაფინანსება შეძლოს. 50%-ს ზემოთ დაფინანსებას, სტუდენტები აკადემიური მოსწრების მიხედვით მიიღებენ“ _ აცხადებს ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.
მისი თქმით, 10 ათასამდე სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული გადაუხდელობის გამო.
ირკვევა, რომ 2012-2013 სასწავლო წელს განათლების სამინისტროს ახალი პროექტის დაფინანსებაზე 1 118 208 ლარია გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით წელს პირველად სრულად დაფინანსდებიან: სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
სოციალური პროგრამა შეეხო იმ სტუდენტებსაც რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილები;
სტუდენტები, რომლებიც არიან უდედმამოები;
სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვონ სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ სკოლებში.
სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან და სომხურ ენოვან სკოლებში.
სრული ინფორმაცია განათლების სამინისტროს ახალი პროექტის შესახებ, ამავე სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.