,,ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი, სერჟანტი 21 წლის პავლე თაბაგარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქიზიყი.გე-ს ახალციხიდან, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ნათესავებმა აცნობეს. მათი თქმით, ახალგაზრდა დღეს დილით დაიღუპა.
ნათესავებისთვის გარდაცვალების ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა ოჯახის ზოგიერთი ახლობელი სავარაუდო მკვლელობაზეც საუბრობს.
„კაპრალი იყო და სერჟანტის წოდება მისცეს და ახლახანს წავიდა ავღანეთში. მომავალში გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, თუმცა აღარ დასცალდა. სავარაუდოდ მოწამლულია და ისე გარდაიცვალა. გარეგნული ჭრილობები ან დაზიანებები არ აღენიშნება, სხვა არაფერი ვიცით,“ – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქიზიყი.გე-ს ინფორმაციით, თაბაგარი უკვე სამი წელია სამხედრო სამსახურში კონტრაქტით მსახურობს, ავღანეთში კი ის ორი კვირის წინ გაგზავნეს.
“ოჯახის წევრების განმარტებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს ავღანეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში პარასკევს გადმოასვენებენ. გარდაცვლილს მეუღლე და 4 თვის შვილი დარჩა,” _აცხადებს ქიზიყი.გე
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, რასაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება
“დღეს, დილიდან, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ და ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის პავლე თაბაგარის ავღანეთში დაღუპვის შესახებ. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მასმედიას არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ მიაყენონ ფსიქოლოგიური ტრავმა ჯარისკაცების ნათესავებს და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში,” – ნათქვამია განცხადებაში.