“ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი საჩხერეში, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, საჩხერის მოსახლეობაზე, განსაკუთრებული ზეწოლები ხორციელდება.
მანანა კობახიძე: „რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაია სტუმრობდა საჩხერეს. ფარული შეხვედრა ჰქონდა რომელიღაც რესტორანში. როგორც ჩანს, ადგილობრივ ძალოვნებს მისცა რაღაც განკარგულება.
ძალიან სერიოზული ზეწოლები ხდება სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობაზე. ბევრი ოჯახი ვნახე, ვისაც მოუხსნეს სოციალური დახმარება იმიტომ, რომ მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას.” ხალხის დაშინება და სამსახურებიდან გამოყრა მიდის. ჭიათურის ერთ-ერთი საწარმოდან მასობრივად გამოყარეს ის ადამიანები, ვინც საჩხერეშია რეგისტრირებული.
_ რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მოსახლეობაზე ზეწოლას ცდილობს საჩხერის გამგებელი, რომელსაც, ადგილობრივებმა, რამდენჯერმე, სოფელი დაატოვებინეს და შეხვედრის გამართვის საშუალება არ მისცეს.
_ გამგებელი, რომელიც ოფიციალურად არ დასახელებულა მაჟორიტარობის კანდიდატად, თავის ოფიციალურ სამუშაო დროს და ადმინისტრაციულ რესურსს ახმარს საარჩევნო კამპანიას. დადის და ამბობს, რომ ჯერ არ არის ოფიციალურად დასახელებული მაგრამ არის ადგილობრივი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი.
დადის მოსახლეობასთან შეხვედრებზე და მლანძღავს პირდაპირი მნიშვნელობით, მლანძღავს ბინძური გამონათქვამებით. ჩემი მისამართით ამბობს, რომ ვარ ვაკელი, თბილისელი და არაფერი მესაქმება საჩხერეში. მას ძალიან დიდი აგრესიით ხვდება საზოგადოება და აიძულებენ, დატოვონ ის სოფელი, სადაც მიდიან შეხვედრაზე. იმდენად არასწორად მოქმედებს ეს ადამიანი, რომ ყველაში აგრესიას იწვევს.
მაგრამ, როგორც არ უნდა იმოქმედონ, ჩვენ ოქტომბერში აუცილებლად გავიმარჯვებთ.