როგორც მოვიკვლიეთ, სეხნიაშვილს გამომძიებელმა, ნინო ქავთარაძემ დაურეკა და მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა. თუმცა, მას შემდეგ ოჯახის წევრებმა არაფერი იციან.
დაკავებულის ადვოკატი, ვარლამ ხატრიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ გამომძიებელი არც ტელეფონს პასუხობს და, ორდერის მიუხედავად, შენობაში არ უშვებენ:
_ გიორგი სეხნიაშვილი უკვე 27 საათია, მოწმის სტატუსით დაიბარეს. ისიც დაუყონებლივ მივიდა. მას შემდეგ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ამ დროის განმავლობაში, ყველა შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულია, რომ ან გამოშვებული უნდა იყოს, ან დაკავებული, _ აღნიშნავს ადვოკატი.
ხატრიძის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მისაღებში ეუბნებიან, რომ საშვის გამოწერის უფლება, მხოლოდ გამომძიებელს აქვს, გამომძიებელი კი ადვოკატის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს: _ სიტუაციის გასარკვევად გამოვწერე ორდენი, თუმცა, შენობაში არ მიშვებენ. მისაღებში მეუბნებიან, რომ საშვის გამოწერის უფლება მხოლოდ საქმის გამომძიებელს აქვს. ამით ირღვევა ჩემი, როგორც ადვოკატის უფლებები და ასევე გიორგი სეხნიაშვილისაც. როცა ორდერია გამოწერილი, არანაირად არ უნდა მოხდეს ადვოკატის შეყოვნება. არანაირი მიზეზი ამას არ ამართლებს, _ ამბობს ადვოკატი.
არც ადვოკატს და არც ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, რა საქმეზე დაიბარეს გიორგი სეხნიაშვილი მოწმის სტატუსით. ცოლისძმის დაკავებასთAნ დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია ზვიად კვაჭანტირაძეს. ჩვენი ინფორმაციით, იგი შეხვედრებს მართავს და როგორც გვითხრეს, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, რომელსაც “გურია ნიუსი” დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.