შეგახსენებთ, რომ შემოსასვლელში კვლავ დაძაბული ვითარებაა, რადგან მოქალაქეებს კურორტის ტერიტორიაზე გადაადგილებას პოლიტიკური შეხედულებების გამო უზღუდავენ. “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ. უფრო მეტიც, ჟურნალისტებზე “ნადირობა” ამ დევიზით მიმდინარეობს: _ “გურია ნიუსის” ჟურნალისტები არ გაუშვათ, მაგათ კადრები აქვთ!
დღეს, ფერისცვალების ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგზავნილ მოსაწვევებზე სახალხო ღონისძიებას უწოდებენ და “დაუვიწყარი დღის გატარებას” გვპირდებიან, პრეზიდენტის სტუმრობის გამო, ხალხს კურორტის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდა.
პრეზიდენტმა უკვე ნახევრად დასრულებული ობიექტები გახსნა, რომლის მთავარი ნაგებობა _ სასტუმრო, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, გზების სამინისტროს მიერ აიგო და განაცხადა, რომ მომავალ წელს ბახმაროში “ძალიან მაგარ” საცურაო აუზს ჩაიბარებს და ყველა ქუჩას გაანათებენ. მან მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს კარგი გზების დაგებისთვის. ბახმაროსკენ მიმავალი გზა, ჯერ კიდევ ჯუმბერ პატიაშვილის დროს იქნა გაყვანილი და სამუშაოები იმდენად კარგად იყო შესრულებული, რომ ორ ათეულ წელს გაუძლო და მის შეკეთებას ძალიან დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.
ბახმაროში სტუმრობის პარალელურად, დაბა ჩოხატაურში, დილის 11 საათიდან, პოლიციის სამმართველოს შენობასთან, მობილიზებული იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. ისინი, პერიოდულად დაბის ქუჩებში გადაადგილდებიან და მეგაფონებიდან მოწოდებით ქუჩებს ათავისუფლებენ.
დღესვე, სამ საათზე პრეზიდენტი ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრება და შემდეგ, სოფელ ამაღლებაშიც მივა. ჩვენი წყაროს თქმით, ეს სოფელი მხოლოდ იმიტომ შეირჩა, რომ “პოლიტიკურად არასაიმედოა”.