გავრცელებულ ინფორმაციაშიც სწორედ ასე იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირი პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის ნათია ბანძელაძის გვერდითაც შევნიშნეთ, იგი კატეგორიულად უარყოფს, რომ საქმის კურსში შეიძლება იყოს და შეიძლება იცოდეს, თუ რომელ სტრუქტურას წარმოადგენდა მოძალადე.
დღეს გავრცელებულ ერთ-ერთ ინფორმაციაში სათაურით “ბახმაროში, ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია ყოფილა საჭირო”, მოხვდა ფრაზა: “პრეზიდენტის დაცვამ “გურია ნიუსის” ოპერატორს ფოტო და ვიდეოაპარატიდან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ინფორმაცია წაუშალა”. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელი თაკა ჟღენტი დაგვიკავშირდა. მან გვაცნობა, რომ გადამოწმებული იქნა ყველა წყარო და არ დასტურდება, რომ კადრების წამშლელი აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელია.
_ ეს არის გადამოწმებული ინფორმაცია, რომ ჩვენი სამსახურის არც ერთ წარმომადგენელს თქვენთვის კადრები არ წაუშლია. ჩვენ მაქსიმალურად გვყავს გაფრთხილებული ყველა ჩვენი თანამშრომელი, რომ თანაბარ პირობებში ჩააყენოს ყველა ჟურნალისტი. როცა ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიება დახურულია, ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების ზომებს, ჩვენი მთავარი ფუნქცია მხოლოდ ესაა, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ჟღენტი.
სახელმწიფო დაცვის სამსახური მზადაა “გურია ნიუსს” დაეხმაროს ფოტო და ვიდეო კადრების აღდგენაში, რომელზეც შესაძლოა დაფიქსირებული იყოს ინციდენტის კადრები, რათა სრულად გამოირიცხოს მასში დაცვის სამსახურის თანამონაწილეობა.
ცოტა ხნის წინ, ოზურგეთში პრეზიდენტის სტუმრობისას, როცა “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეოკადრები წაუშალეს, დაცვის სამსახური ოპერატიულად შეგვეხმიანა, ფაქტს დასანანი გაუგებრობა უწოდა, მსგავსი ინციდენტის დაუშვებლობის პირობაც მოგვცა და მასალის აღდგენას შეგვპირდა. რადგან მაშინ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა კონკრეტულ კადრებს, რომელიც მხოლოდ ოპერატიულობის თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, დაცვის სამსახურისთვის მეხსიერების ბარათები არ გადაგვიცია.
ამჯერად, ჩვენ აუცილებლად ვისარგებლებთ ამ შემოთავაზებით, რადგან ფოტო და ვიდეოკადრებში ასახული იყო, თუ როგორ მოჰყავთ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მობილიზებული საჯარო მოხელეები ყვითელი ავტობუსებით, ასახულია პრეზიდენტის შეხვედრა მოქალაქეებთან და რაც ყველაზე მთავარია, ვიდეოკამერა, რომელიც მოძალადემ ოპერატორს გამოგლიჯა, ჩართული გახლდათ და შესაძლებელია, მასზე იყოს დაფიქსირებული პირი, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ძალადობრივი გზით გვიშლის ხელს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლანჩხუთში პრეზიდენტის სტუმრობისას, “გურია ნიუსის” ოპერატორი ნოდარ მინაძე შეხვედრის ადგილიდან 40-50 მეტრის დაშორებით გარე პერიმეტრს შემაღლებული ადგილიდან იღებდა. მას ფეხში წვდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი, რომელმაც ჩამოათრია იგი, წაგლიჯა კამერა, ფოტოკამერიდან ჩიპი ამოგლიჯა და მუქარით აიძულა ოპერატორი კადრები გადაეშალა.