კურორტის შესასვლელი პოლიციის გაძლიერებული კორდონით იყო გადაკეტილი. ტერიტორიაზე შესვლა, რომელიც დაახლოებით ორი კილომეტრითაა დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ხელისუფლება სააკაშვილს ელოდა, შეუძლებელი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებითვის, დეპუტატობის კანდიდატის თემურ ჭკუასელისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებსაც “ქართული ოცნების” მაისურები ეცვათ, ასევე, მათთვის, ვინც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გაზეთს მიიღებდა ან მათ გამარჯობას ეტყოდა!
სამაგიეროდ, “გურია ნიუსის” ობიექტივმა დააფიქსირა, თუ როგორ ეზიდებოდნენ პოლიციელები ათეულობით ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მაისურებს, კეპებს. სააგიტაციო მაისურების გაცემას ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე და ჩოხატაურის გამგებელი ლელა იმედაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
გუშინ ლანჩხუთში, დღეს კი ჩოხატაურში, პრეზიდენტთან შესახვედრად მობილიზებული საჯარო მოხელეები რეგიონისთვის უჩვეულო ყვითელი ავტობუსებით შეხვედრის ადგილიდან შეხვედრის მორიგ ადგილამდე გადაჰყავდათ.
ამგვარი მობილიზება განსაკუთრებით ბოლო დღეებშია თვალშისაცემი. ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებას საჯარო სამსახურის დაკარგვის შიშით ერიდება, ამბობს, რომ არათუ პოლიტიკურ შეკრებებზე, არამედ, უკვე კონცერტებზეც კი იძულებით, “რეკრუტის” წესით გაჰყავთ საჯარო მოხელეები:
_ ჩვენს ორგანიზაციას განსაზღვრული რაოდენობის თანამშრომლების მიყვანა “შეაწერეს” ბათუმში, ელექტრონული მუსიკის კონცერტზე. “რეკრუტით”, მკაცრი აღრიცხვით, ლანჩხუთიდან კონცერტზე იძულებით წასაყვანი რომ ეყოლებათ ადამიანები, ამის ფასი რა უნდა გაუჭირდეთ?! ჩემი სისტემიდან ჩოხატაურელი კოლეგებიც ვნახე _ ისინიც მიკროავტობუსებით იძულებით ჩამოიყვანეს კონცერტზე! _ ამბობს იგი.
ბახმაროდან გამოფრენის შემდეგ, პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ ფარცხმაში მოსახლეობას შეხვდა. დაბის ცენტრში პოლიციელები დგანან, ხოლო მათი დიდი რაოდენობა ყვითელი ავტობუსებით ელოდებიან პრეზიდენტის სტუმრობის დასრულებას.
ამ წუთებში, დაბის თავზე ძალიან დაბალ სიმაღლეზე ვერტმფრენი დაფრინავს, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტისაა. თავად პრეზიდენტი კი მრავალრიცხოვანი ესკორტით დაბის ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილდება; თუ საითკენ მიემართება ესკორტი, ჩვენთვის, ჯერ-ჯერობით უცნობია.