„ქართული ოცნების“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული ფული სტიქიით დაზარალებულებს არ ხმარდება,მაგრამ ამის მიუხედავად, კოალიცის ლიდერი კახი კალაძესთან ერთად მზადაა კიდევ რამდენიმე მილიონი გაიღოს.
ამ გადარიცხვების მიზანშეწონილობაზე თინა ხიდაშელს საკუთარი მოსაზრება აქვს,ის ფიქრობს რომ მართალია ამ ეტაპზე ფული დანიშნულების ადგილზე არ მიდის, მაგრამ 1 ოქტომბრიდან ყველაფერი შეიცვლება.
„ერთი პირობა შემიძლია მივცე სტიქიით დაზარალებულ ხალხს, 1 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდება, ეს ფული გზას იპოვის და მოხმარდება მოსახლეობას. მანამდე კი ჩვენი ამოცანაა, მინიმუმ, არ გავაფლანგვინოთ ეს ფული ხელისუფლებას” _ აცხადებს ხიდაშელი „გურია ნიუსთან“.
„გურია ნიუსის“ კითხვას, _ თუ როგორ აპირებს კოალიცია კონტროლის განხორციელებას, ხიდაშელი პასუხობს, რომ ყველა სოფელში უნდა მოხდეს მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა, რათა ხელისუფლებამ ეს ფული ვერ გაფლანგოს.
„ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, არ გვეშინია არანაირი ზეწოლის, მაგრამ თვითონაც უნდა მოითხოვონ, რომ ეს ფული მათ მოხმარდეს, მარტო ვერაფერს გავხდებით“.
ხიდაშელი ფიქრობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას ვერ შეაჩერებს და ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება არჩვენების მოახლოებასთან ერთად. სამაგიეროდ კენჭისყრის დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობას , რაც ხელისუფლებას შედეგების გაყალბების საშუალებას არ მისცემს.
თინა ხიდაშელი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს რომ კოალიციას შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმის რამდენიმე ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუ ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებს.