საქმე იმაშია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს ოზურგეთში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. სანდრო წყაროს თქმით, უნდა მოხდეს დიდი შეკრება, დაახლოებით, 20 000 ადამიანი უნდა გამოიყვანონ და არ არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი წარადგინოს. სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ქალბატონ ნათიას.
როგორც ამბობენ, დეპუტატობის კანდიდატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იქნება. ასევე, ისიც გავიგეთ, რომ ამ შეხვედრისთვის სპეციალური თათბირიც ჩატარებულა და შესაბამისი დავალებებიც გაიცა.
ეწვევა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთს თვის ბოლოს და მოხდება თუ არა მის მიერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის წარდგენა, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, როგორც ზემოთ ვთქვით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს ნათია ბანძელაძეს დავუკავშირდით. მან განაცხადა, რომ არანაირ ინფორმაციას არ მომაწვდის ანუ გამიბრაზდა.
_ ნათია, გამარჯობა. გიორგი გირკელიძე ვარ, გაზეთ “გურია ნიუსიდან”.
_ მე შენ არ გელაპარაკები, საერთოდ. ასე გადავწყვიტე, რადგან შენ არღვევ ჩემს უფლებებს. მე შენ გესაუბრები, გეხმარები.
_ რასთან დაკავშირებით მეხმარები, ვერ გავიგე და… რატომ არ მელაპარაკებით?
_ შენ ჩემს გაუფრთხილებლად იწერ ჩემ საუბრებს და ეს არ არის ნორმალური. როცა აკეთებ ჩემს კომენტარს, მაშინ მე ჟურნალისტი ვარ და მეც შენი კოლეგა ვარ. უნდა მითხრა მე, თქვენი კომენტარი უნდა გამოვიყენოო.
_ თქვენ ხართ, პრეზიდენტის პრესსამსახური, ჩინოვნიკი და უნდა გამიკეთოთ კომენტარი.
_ ჩინოვნიკი არა ვარ, კარგად…
აქ ჩვენი საუბარი შეწყდა…




























































