ადგილობრივი მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანები, წინა წლების მსგავსად კვლავაც აქტიურად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, ემუქრებიან და აშანტაჟებენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, სცემენ ჟურნალისტებს და რაც მთავარია, ამისთვის მათ პასუხს არავინ სთხოვს. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მათ ქმედებაში რამდენჯერმე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
თელავი _ 2012 წლის ივლისის დასაწყისში, პარტია „თავისუფალი საქართველოს” აქტივისტ მელანია ბერიაშვილს სახლში ესტუმრა თელავის პოლიციის უბნის რწმუნებული, ბადურ რევაზიშვილი, რომელიც დაინტერესდა, რატომ აგროვებდა ბერიაშვილი ხელმოწერებს, რა თანხას უხდიდა პარტია ამ სამუშაოს შესრულებისთვის და რა აკავშირებდა მას პარტიასთან. შეხვედრის დროს, უბნის რწმუნებულმა მას შეახსენა ერთი თვის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მისთვის გაწეული დახმარების შესახებ.
ბერიაშვილს, მობილურ ტელეფონზე, ფარული ნომრით უცხო პირებიც დაუკავშირდნენ და პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს დატოვება მოსთხოვეს.
ახმეტა _6 ივლისს, ახმეტის N1 ჟალურის უბანზე, „ქართული ოცნების“ კარდაკარის განხორციელების დროს, რეგისტრატორებს – მარიამ ხოსიაშვილს და თეონა უმცროსაშვილს, შპს „ახმეტა გამწვანების“ მმართველის მოადგილემ, თემურ ერთგულაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშლა.
2012 წლის 25 ივნისს, N24-ე ომალოს უბანზე, პოლიციელმა ზურაბ ფარეულიძემ სახლიდან გამოყარა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები მარინა გაურგაშვილი და ნანა ციხესაშვილი და ამავდროულად, თანასოფლელები გააფრთხილა, ვინც მათთან ითანამშრომლებდა, დახმარებები მოეხსნებოდათ.
ტყიბული _ 2012 წლის 14 ივლისს, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ, თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმ ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით, კუპრაშვილი და ობოლაძე ერთმანეთს შეხვდნენ, რაც რწმუნებულის მხრიდან, კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა.
ბაღდათი _ 2012 წლის 9 ივლისს, კოალიცია „ქართული ოცნების” აქტივისტი, ივერი ნერგაძე და მისი მამა, მერაბ ნერგაძე დეპუტატ თემურ კოხოძის ბიუროში დაიბარეს. როგორც ივერი ნერგაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, დეპუტატმა მას ურჩია, თავი დაენებებინა „ქართულ ოცნებასთან”ურთიერთობისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ძმა და რძალი, რომლებიც მუშაობდნენ შპს “თეგეტა მოტორსში”, გათავისუფლებული იქნებოდნენ სამსახურიდან.
ძმა და რძალი მართლაც გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ 26 ივლისს აღნიშნული პიროვნებები კვლავ აღადგინეს სამსახურში.
ფიზიკური ანგარიშსწორება
ოზურგეთი _ გაზეთ ,,გურია ნიუსის” საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვის რწმნებულმა, გოჩა შარაშიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა ამავე სოფლის მცხოვრებ, ნუკრი ბაჯელიძეს. გოჩა შარაშიძემ დაურეკა და უთხრა, წამოსულიყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. უარის შემდეგ კი აგინა. 4 ივლისს, სოფელ ბახვის ცენტრში მყოფ ბაჯელიძეს თავს დაესხა გოჩა შარაშიძე. შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და პერანგი შემოახია, ისინი სოფლის მკვიდრმა, ზვიად ფორჩხიძემ გააშველა.
„საარჩევნო პროცესების გააქტიურების პარალელურად გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საჯარო შეხვედრებს გამგებლები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა თემებისა და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები ესწრებიან. ისინი კოალიციისათვის პოლიტიკური საქმიანობიაში ხელის შეშლის მიზნით განსაკუთრებული აქტივობითა და აგრესიულობით გამოირჩევიან.
საგულისხმოა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახად სახელმწიფო მოსამსახურეს არა აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.
აღნიშნული ქმედებები, ასევე, შეიცავენ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გათვლისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ სახეზეა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,“ _ ნათქვამია ანგარიშში.
საჯარო შეხვედრების ჩაშლა ერთი და იმავე სცენარით ხდება _ შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის გამართული საუბრის დაწყებიდან, რამდენიმე წუთში, მათ ადამიანთა ჯგუფი უერთდებათ, რაც ხშირ შემთხვევაში, არეულობას იწვევს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ადგილობრივ პრობლემებზე საუბარს უშლიან.“
გორი _ 2012 წლის 12 ივლისს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები და წევრები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი, სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია.
კასპი _ 2012 წლის 14 ივლისს, კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ქალაქ კასპში პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებული იყო გორის აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა და საათი. იმავე დღეს, კასპში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფი, რომლებიც გაკრულ პლაკატებს ხევდნენ.
ეს პიროვნებები, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირების მანქანებით გადაადგილდებოდნენ. კერძოდ, ვიდეო კადრებში დაფიქსირდა კასპის ქალაქის რწმუნებული მირიან ბერიანიძე, რომელიც საჭეს თავად მართავდა და მიშკა მერებაშვილი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურნეო სამსახურში მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე.
ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა
ანგარიშში ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის არაერთი ფაქტი მოხვდა, მათ შორის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების, გიორგი გირკელიძისა და ჟანა მეგრელიშვილისათვის ფოტოაპარატის წართმევა და გადაღებული მასალის წაშლა.
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტებმა, გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას განაცადეს, რომ 24 ივლისს, პრეზიდენტის ვიზიტისას, ასრულებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას, როდესაც მათთან მივიდა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც ვანო და უთხრა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, ამასთანავ, მათ გამოართვეს ფოტოაპარატი და წაუშალეს გადაღებული ფოტოები. ასევე, ჩაიწერეს მათი მონაცემები.
„მან მოშორებით გამოგვაცილა, რათა არ დავბრუნებულიყავით“ – განაცხადეს ჟურნალისტებმა. ამ ფაქტის შემდგომ, 2012 წლის 29 ივლისს, პრეზიდენტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა. ჟანა მეგრელიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე დაცვის წევრებმა ამჯერადაც არ მიუშვეს მანამ, სანამ არ ჩამოართვეს აუდიო გადამღები და ფოტო კამერები,“ _ ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში.
სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2012 წლის 31 მაისს უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შემდეგ, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური პოზიციის გამო დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავიუფლების ფაქტებმა იკლო. რეკომენდაციის გაცემასთან ერთად, კომისია ჩართული იყო გათავისუფლებული მოქალაქეების სამსახურში აღდგენის პროცესში.
უწყებათაშორისი კომისიის ჩარევის შედეგად, შესაძლებელი გახდა სამართლიანი არჩევნების ანგარიშში ასახული პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული 3 პირის სამსახურში აღდგენა, ხოლო 2 შემთხვევაში, მოხდა სამსახურიდან გათავისუფების პროცესის აღკვეთა.
კვლევის პერიოდში, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 2 შემთხვევა დაფიქსირდა:
სიღნაღში სამსახურიდან გაათავისუფლეს რესპუბლიკური პარტიის სიღნაღის ოფისის თავჯდომარე, ბესარიონ ხატიაშვილი, რომელიც „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების“ კომპლექსური სასპორტო სკოლის კრივის მწვრთნელ-მასწავლებლად მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ უწყებათშორისმა კომისიამ ბესარიონ ხატიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი შეისწავლა. ბესარიონ ხატიაშვილი 1 სექტემბრიდან კვლავ გააგრძელებს მუშაობას.
ლაგოდეხში “ქართული ოცნების” ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრი, გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ბანკ “კონსტანტაში” მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
”კომისიის კომპეტენცის ფარგლებში მხოლოდ საჯარო სამსახურიდან მოქალაქეთა გათავისუფლების ფაქტები მოექცა, ხოლო კერძო სექტორიდან თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის ფაქტები სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან, კვლავ ყურადღების მიღმა რჩება” _ ნათქვამია წინასაარჩევნო ანგარიშში, რომელში მოყვანილი ფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილი შემოგთავაზათ „გურია ნიუსმა“.