„ვთვლი, რომ რაც მოხდა, ეს არის სამართალდამცავი უწყების დიდი სირცხვილი, რომელიც აცხადებს რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მთელს ევროპაში. სტუდიის 9 ჟურნალისტი, ერთ დღესაც, მივედით სამსახურში და კარადების გარდა აღარაფერი დაგვხვდა. ფაქტობრივად, მთელი სტუდია გაიტანეს და ქურდს ვერ პოულობენ” _ აცხადებს ჟურნალისტი.
სტუდია „მონიტორი“, რომელიც პარლამენტიდან 50 მეტრში მდებარეობს, 22 ივლისის ღამეს გაქურდეს. ზურიაშვილის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ყუთებით ეზიდებოდნენ ტექნიკას და ვერავინ ვერაფერი დაინახა უბანში, სადაც ყოველ წუთს გადაადგილდება პატრული და სახელმწიფო დაცვის სამსახური. არაფერს ამბობენ მეზობლებიც, რომლებსაც წესით, საეჭვოდ უნდა მიეჩნიათ შუაღამისას სტუდიიდან ყუთების გამოტანა.
საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა და მას ძველი თბილისის მე-7 განყოფილება იძიებს, ზურიაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ აიღო თითის ანაბეჭდები, ავიდა მეზობელი სახლის სახურავზე და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ მას შემდეგ 1 თვე გავიდა და დაზარალებულებს არავინ დაკავშირებია. ზურიაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გარეკამერებიდან ვიდეო ფირიც ამოიღო, თუმცა მოხდა თუ არა დამნაშავეთა იდენტიფიცირება, ამის შესახებ ჟურნალისტებმა არაფერი იციან.
სტუდიის ოფისში, ქურდი სავარაუდოდ, კარიდან შევიდა, რადგან ზურიაშვილის თქმით, გაკაწრული იყო კარის საკეტი, რაც მას აფიქრებინებს რომ კარი ე.წ „ატმიჩკით“ გააღეს.
„სტუდიის კარი ადრე 1 გასაღებით იკეტებოდა, ჩვენ მეორე გასაღებიც დავამატეთ, სწორედ ამ ახალი გასაღების ატმიჩკით მოხდა კარის გაღება”-_ აცხადებს ზურიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში.
გამოძიების გაჭიანურება ნინო ზურიაშვილს აფიქრებინებს, რომ მომხდარი არ იყო უბრალო ქურდობა და მიზნად ისახავდა სტუდიის მუშაობის პარალიზებას.
„ეს რომ რიგითი ქურდობა ყოფილიყო, გამოძიებას დამნაშავის დადგენა არ გაუჭირდებოდა, სტუდიიდან წაღებული ტექნიკა ადვილი ამოსაცნობია, მას საზღვარზეც ვერ გადაიტანდნენ. ასე რომ, ვფიქრობ განზრახ ჭიანურდება მომხდარის გამოძიება“ _ აცხადებს ჟურნალისტი.
მისი თქმით, დღეს სტუდიის ჟურნალიტები მუშაობენ ენთუზიაზმსა და მეგობრების დახმარების ხარჯზე, ევროპელმა მეგობრემბა სტუდიას 4 ათასი ევრო გადაურიცხეს, გარდა ამისა, „მონიტორმა“ მიიღო გრანტიც, რომელიც 10 ათასი დოლარის ოდენობისაა. ამ თანხით სტუდია მინიმალური ტექნიკის ყიდვას შეძლებს.