(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ გასული კვირის შაბათს, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ჩოხატაურის ცენტრში, კლინიკა “მამქოლის” მშენებლობა მოინახულა. ევროსტანდატრებით გარემონტებული კლინიკა 14 საწოლზეა გათვლილი და მას როგორც საკონფერენციო, ასევე სასტუმროს ფლიგელიც აქვს ჩამოსული ექიმებისთვის. მისი მეპატრონე დავით გუდავაძეა, რომლის თქმით, საავადმყოფოში სადიაგნოსტიკო ცენტრიც იფუნქციონირებს.
მშენებლობის ხარისხით კმაყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დონის კლინიკის მშენებლობა დედაქალაქშიც კი არ მიმდინარეობს:_ აღფრთოვანებული ვარ. არ ვიცოდი, ჩოხატაურში თუ ასეთი ტიპის კლინიკა შენდებოდა. მოხარული ვარ, რომ კლინიკა კერძო იქნება. სახელმწიფოდან თუ რაიმე სახის დახმარება დაგჭირდეთ, აუცილებლად შემაწუხეთ. ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამხელა საქმეს აკეთებენ, ხელშეწყობა ნამდვილად სჭირდებათ, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
კლინიკის გახსნა მაისში იგეგმება და ჩვენი ინფორმაციით, მას პრემიერი გილაური დაესწრება. რეგიონალური განვითარების მინისტრის ინიციატივით კი კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.