ასევე, მისი განცხადებით, ის რეგიონებში იწყებს მოსახლეობასთან შეხვედრას.
შალვა ნათელაშვილი: _ “ლეიბორისტების” რეგიონებში შეხვედრები იწყება გურიიდან. ეს არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, მსოფლიოს პოლიტიკური აკვანი. წინასწარ, შეხვედრის დაწყებამდე, გურიაში განვაცხადებ _ “ლეიბორისტული” პარტიის პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემდეგ, პირველივე დღეს, ჩვენს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადავაყენებთ და დავიჭერთ, _ თქვა შალვა ნათელაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან.
_ ბატონო შალვა, თქვენს ლოზუნგთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთო…
_ ამაზე დარბაზში, რადგან ბევრია სალაპარაკო.
_ იქნებ, ახლა გვითხრათ, მოკლედ…
_ მოკლედ არის _ მდიდარს წაართმევ და ღარიბს მისცემ.
_ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
_ აი, ვინც წაგვართვა ჩვენი ანაბრები, ფაბრიკები, ქარხნები, ჩაის პლანტაციები, ციტრუსები, ვინც წაგვართვა რუსებთან მისასვლელ-მოსასვლელი გზები, იმათ წავართმევთ და მივცემთ ხალხს.
_ ბატონო შალვა, თქვენ წლების წინ ამბობდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ისურვებდით ბიძინა ივანიშვილს.
_ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად კარგი იქნებოდა ჩემი ხელმძღვანელობით, მაგრამ ივანიშვილს ღმერთად და მესიად გამოცხადება არის ქვეყნის დაღუპვა. თქვენა ამას მალე ნახავთ.