“თითქოს სიმშვიდე იყო ამ დღეებში, ჯარიც გაიყვანეს, 2 პოლიციელი იდგა ხიდისკენ მიმავალ გზასთან, ჩვენც დავმშვიდდით, მაგრამ საღამოდან დაიწყეს და შემოჰყავთ ისევ ჯარი. არავინ არაფერს გვეუბნება. სროლა არ ისმის,” _ აცხადებს ლაფანყურის ერთ-ერთი მკვიდრი “გურია ნიუსთან” საუბარში
თვითმხილველთა თქმით, სოფელში შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 პიკაპი და 6 სატვირთო მანქანა შევიდა. მანქანაში მათ სპეცრაზმელები შენიშნეს.
“ეს დღეები საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს, დამშვიდდა აქაურობა და მოულოდნელად კვლავ გააძლიერეს სოფლის დაცვა,” _ აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი “გურია ნიუსთან” საუბარში.
ანტიტერორისტული ოპერაციის ძირითადი ფაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა. შესაძლოა ლაფანყურში სპეცრაზმის შეყვანა მორიგი როტაციაა და არა ახალი ოპერაციის დასაწყისი.