ის, რომ ლანჩხუთის გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი “ნაციონალური” იდეების ერთგულია, თავისთავად არაფერს ნიშნავს მანამ, სანამ ოპონენტების პოლიტიკური შეხედულებები მისი აგრესიის მიზეზად არ იქცევა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ჩვენი ქვეყანა აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავს აღნიშნავდა, ლანჩხუთელი ჩინოვნიკი პირველი ინციდენტის ინსპირატორი გახდა _ ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, ლანჩხუთის გამგეობამაც თავის თავზე აიღო ომის თემასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების ორგანიზება. ლანჩხუთის ცენტრში მოეწყო სოლიდარობის ჯაჭვი, რაც იდეაში გულისხმობდა ქართველი ხალხის ერთად დგომას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯაჭვში ჩადგომის სურვილი გამოხატა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრმა ეკა კვაჭაძემ. გოგონას პოლიტიკურ ლოგოიანი მაისური გამგეობის მაღალჩინოსნის რისხვის მიზეზი გახდა. ირმა მგელაძემ კატეგორიულად აუკრძალა ახალგაზრდა ოპოზიციონერს გამგეობის მიერ მოწყობილ ჯაჭვში ჩადგომა: “შენ არ გაქვს უფლება აქ იდგე!” _ ასე მომმართა მგელაძემ. მე შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ საქართველო ყველა ჩვენთაგანისაა და ყველას აქვს უფლება ამ ჯაჭვში ჩადგეს,-მეთქი” _ ამბობს ეკა კვაჭაძე,
წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალგაზრდა “მეოცნებემ” მაინც თავისი გაიტანა და ჯაჭვში ჩადგომა მოახერხა. მაშინ ეს ამბავი, გოგონას თხოვნით, არ გავახმაურეთ.
რამოდენიმე დღის წინ, მგელაძე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა და მისი აგრესიის ობიექტი კვლავ “ქართული ოცნების” ახალგაზრდა მხარდამჭერი აღმოჩნდა.
ახალგაზრდა, რომელსაც ვინაობის აფიშირება არ სურს, “გურია ნიუსთან” ყვება, რომ გამგეობის მაღალჩინოსანს ქუჩაში შეხვდა და ერთმანეთი მოიკითხეს. ამ შემთხვევაშიც უთანხმოების მიზეზად, კვლავ “ოცნების” ლოგოიანი მასური იქცა. მგელაძემ შენიშვნა მისცა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს და მკაცრად მიუთითა, რომ მაისურის ჩაცმა და საერთოდ ოპოზიციური პარტიის წევრობა, “არასწორი მიმართულებაა”. როგორც ახალგაზრდა ამბობს, იგი შეეწინააღმდეგა ჩინოვნიკს: “შევეცადე, საპირისპირო დამემტკიცებინა, თუმცა, მგელაძემ მოულოდნელად სახეში გამარტყა”.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ოპოზიციონერი და მგელაძის ვაჟი ბავშვობის მეგობრები არიან!
“გურია ნიუსი” შეეცადა ფაქტის შესახებ ირმა მგელაძის კომენტარი მოეპოვებინა. სატელეფონო საუბრისას, ქალბატონი ირმა ძალიან კორექტული იყო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ გაზეთისთვის კი არ აკეთებდა ოფიციალურ კომენტარს, არამედ ადამიანურად ცდილობდა მომხდარის შეფასებას, თუმცა, იცოდა, რომ საგაზეთო კომენტარს საჯარო მოხელეს ჟUრნალისტი სთხოვდა: “შევხვდი ჩემი შვილის მეგობარს. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვისაუბრეთ და დაშორებისას ლოყაზე ხელი მოვუთათუნე. ეს ვიღაცამ, ეტყობა, შორიდან დაინახა და ლოყაში გარტყმად მოეჩვენა. მერე ეს ბიჭი პარტიის ოფისში მივიდა და იქ ვიღაცეებმა ურჩიეს, ეს ამბავი საპიაროდ გამოეყენებინა. კარგადაც გააპიარეს!”
“სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივად ისჯება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ოპოზიციური განწყობის მატარებელი ჩაიდენს. ამ ბიჭს რომ გაერტყა ქალბატონ მგელაძისათვის, დაიჭერდნენ ან უკეთეს შემთხვევაში, დააჯარიმებდნენ”, _ მიიჩნევენ პოლიტიკური კოალიციის ლანჩხუთის შტაბში და შეფასებას, რომ ეს ფაქტი ოპოზიციურმა პარტიამ პიარისთვის გამოიყენა, კატეგორიულად უარყოფენ.