საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის წევრებმა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქონლის საბაჟო ღირებულება 536 028 ლარის ნაცვლად 48 502 ლარით დაადეკლარირეს. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, სატვირთო ავტომანქანით თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქონლის უმეტესი ნაწილის ნაცვლად აღმოჩნდა 536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის: სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატორები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და დანაშაულის დამატებითი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით”,_ აცხადებს საგამოძიებო სამსახური.




































































