“როგორც იცით, მე ვიცი ხოლმე აჩემება და გატაცება. ისე, როგორც იყო ბათუმის, მესტიისა და სხვა მხარეების შემთხვევაში. მინდა გითხრათ, რომ ახლა მე მაქვს ახალი გატაცება _ ეს არის გურია და ვეღარ მომიშორებთ თავიდან. სანამ არ ავაშენებთ ყველა ქალაქს და ყველა გურული თავს კარგად არ იგრძნობს, ჩემზე დიდი გურული არ იქნება!
იცით, რომ მე ცოტა ტრაბახაც ვარ, თუ აქამდე უცხოელი სტუმრები ჩამყავდა ბათუმში, სვანეთში, კახეთში და სხვაგან, ზუსტად ერთ წელიწადში, ყველას აქ ჩამოვიყვან, რადგან გურია ყველასთვის შთამბეჭდავი გახდება” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, გურიის რეგიონი მისთვის ახალი გამოწვევაა და ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევს, მასზე დიდი გურული არავინ იქნება.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გურიის ტურისტულ პოტენციალზე, ისაუბრა ურეკისა და ბახმაროს განვითარების შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ გურიაში არ იქნება გზის, წყლისა და გაზის პრობლემა და ყველა ოჯახს ექნება შემოსავალი.