„ეს არ არის საიას განცხადება, ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ ცოტნე გამსახურდიას თხოვნას“, _ ნათქვამია ახალგაზრდა იურისტების მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნა:
,,მე ცოტნე გამსახურდია რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონოდ გასამართლებული პატიმარი, ვხედავ რა, სასჯელაღსრულების დაწესებულების პერსონალის მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში, ჩემი ვალია გამოვაცხადო პროტესტი შიმშილობის ფორმით და საკუთარი ხმა მოგაწვდინოთ მრავალი პატიმრის მძიმე მდგომარეობის გადმოსაცემად, რასაც ვაცხადებ მოთხოვნის ფორმით:
1. მოვითხოვ, გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს ზაქრო ცაცაშვილის, სიმონ მამათელაშვილის და ზვიად მეოტიშვილის.
2. მოვითხოვ, ჩემს მიმართ განხორციელდეს ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა ხერხემლისა და ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებით.
3. მოვითხოვ, ჩატარდეს სასამართლო პროცესი – 2007 წელს სახელმწიფო უშიშროების მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ,,ჯაშუშობისა და გადატრიალების მცდელობის” გამო, რომელიც სპეციალურად, ჩემს მიმართ შეთხზეს.
ვიმედოვნებ უყურადღებოდ არ დარჩება, ჩემი მცდელობა დავეხმარო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ამით ვიმყოფებოდე საკუთარი ხალხის სამსახურში. თუნდაც ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამართლიანობის დიდი გამარჯვება იქნება.”