,,საპარლამენტო არჩევნების დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, რომელსაც გააჩნია არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში განახორციელებს არჩევნების მიმდინარეობის პროცესის ფოტოვიდეოგადაღებას. ეს ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალობას, მოგვცემს ყველა დარღვევის დაფიქსირებისა და საჭიროების შემთხვევაში, დარღვევების გასაჩივრებისას შესაბამისი მტკიცებულებების შექმნის შესაძლებლობას.
ობიექტური არჩევნების ჩატარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი ორგანიზაციის ოფისში შეიქმნება დარღვევების დაფიქსირების შტაბი, სადაც არჩევნების მიმდინარეობის დღეს, ყოველ 2 საათში, გაიმართება ბრიფინგი და საქართველოს ყველა საარჩევნო უბნიდან წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეომასალები.
ჩვენ უკვე მივმართეთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ მათგან ამ საქმიანობაში ხელის შეწყობა და საარჩევნო უბნებზე უწყვეტი დენის წყაროს უზრუნველყოფა.
ამჯერად, მივმართავთ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, თითოეულ მოქალაქეს, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ყველა საშუალებას (გაზეთებს, ტელევიზიებს, რადიოებს, ჟურნალებს, ინტერნეტტელევიზიებს, ინტერნეტგაზეთებს, სააგენტოებს), რათა მათ თავიანთი რესურსები გააერთიანონ და არჩევნების დღეს, ერთად მოვახდინოთ ამ დარღვევების შესახებ მოპოვებული და დაფიქსირებული მასალების წარდგენა საზოგადოების წინაშე.
არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს, ჩვენ, მოქალაქეებმა, უზრუნველვყოთ გამჭვირვალე და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება, დავიცვათ ჩვენი ხმები და ვამხილოთ ყველა დარღვევა და გაყალბება.“– ნათქვამია მიმართვის ტექსტში.