ლანჩხუთის ცენტრში ისინი დღის პირველი საათისთვის გამოჩნდნენ. ქალაქის პარკში მათ კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჩხაიძე, მისი საარჩევნო შტაბის წევრები და მცირერიცხოვანი ადგილობრივი მოსახლეობა დახვდნენ. ქართველმა ემიგრანტებმა, როგორც თავად აღნიშნეს, გუშინ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი და პირველი აქცია ბათუმში გამართეს. ისინი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მდებარე ყველა ქალაქში აპირებენ მსგავსი საპროტესტო აქციების გამართვას,. ბოლოს კი საკუთარი მოთხოვნების დაცვის მიზნით თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და შელახული საარჩევნო უფლებების აღდგენას მოითხოვენ.
ქართველ ემიგრანტთა სახელით, განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ლიპარტელიანმა: “მსოფლიოს 16 ქვეყნიდან შეიკრიბნენ ქართველი ემიგრანტები და მოაწყვეს დემარში საქართველოში. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ბრძანებულებას ვაპროტესტებთ, რომლითაც ხელოვნურად გვეზღუდება საარჩევნო უფლებები. ამას დაემატა ისიც, რომ ერთი კვირის წინ გავრცელდა ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადება, რომლითაც აუცილებელი გახდა ემიგრანტებისათვის ნოტარიულად დამოწმებული ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ყველამ კარგად ვიცით, რომ ემიგრანტისთვის ასეთი ცნობის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. საბერძნეთის მაგალითზე გეტყვით, რომ 175 ათასი ემიგრანტიდან 135 ათასი არალეგალია. ამით საქართველოს მთავრობამ შეგნებულად შეგვიზღუდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. არის კიდევ საარჩევნო უბნების პრობლემა _ ქართველი ემიგრანტები კონკრეტული ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ, სარჩევნო უბანი კი მხოლოდ დედაქალაქებშია გახსნილი. ასობით კილომეტრის გავლა, ხმის მიცემა და უკან დაბრუნება, ისიც სამუშაო დღეს, თითქმის შეუძლებელია.”
ერთ-ერთი ემიგრანტი მამაკაცი ძალიან გააღიზიანა ჟურნალისტის შეკითხვამ, როგორ აპირებენ შედეგების მიღწევას: “ჩვენ ჩამოვედით საკუთარ სამშობლოში, რომ ჩაგეხუტოთ ქართველებს, მოგეფეროთ, თქვენ კი რა კითხვებს სვამთ? სხვა შეკითხვა არ გაგიჩნდათ? ყველაფერი კარგადაა ჩვენს სამშობლოში?!”
რეალურად რამ გააღიზიანა საკუთარი სამშობლოს სტუმარი, გაურკვეველი დარჩა _ როგორც ჩანს, ჟურნალისტებზე ჯოხის გადატეხვა, არც დემოკრატიულ ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულებისთვისაა უცხო.