ამ შინაარსის 2 განცხადება ერთდროულად შევიდა ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენეიშვილის სახელზე.
განცხადებას ხელს აწერენ ქვემო ნატანების #60/41 და ზემო ნატანების #60/42 საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. ისინი ცესკოს წარმომადგენელ ტრენერებს “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” დარღვევაში ადანაშაულებენ.
“საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებით, მათ განუმარტეს კომისიის წევრებს, რომ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმს-დედანს არ სჭირდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერა, ხოლო ბეჭედს არტყამენ მხოლოდ შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლს,” _ აცხადებენ კომისიის წევრები და საოლქოს თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ქვემო ნატანების #60/41 საუბნო-საარჩევნო კომისიის 6 ხელმომწერს შორის არის კომისიის წევრი, “ნაციონალური მოძრაობიდან” ქრისტინა ნიკოლაშვილი.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მასზე და კომისიის სხვა წევრებზე უკვე დაიწყო ზეწოლები “ჩვენების” შეცვლის მოთხოვნით.
ქრისტინა ნიკოლაშვილს დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით, მაგრამ მან როგორც კი შეიტყო, რა საკითხზე ვურეკავდით, ტელეფონი გაგვითიშა და მას შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” ესაუბრა ცესკო-ს სწავლების ცენტრის ტრენერი და წარმომადგენელს გურიაში, პაატა მანჯგალაძეს, რომლის ვრცელ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მომხდართან დაკავშირებით, საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მარინე სუნგულიამ.
საჩივრის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება.