კონცერტის ორგანიზატორებმა დაახლოებით 10 დღის წინ განცხადება შეიტანეს ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის გამგეობაში საკონცერტო ადგილის გამოყოფის შესახებ სხვადასხვა, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების მომიზეზებით, გამგეობამ უარი უთხრა კონცერტის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრში საკონცერტო ადგილის გამოყოფაზე და მათ 2 ალტერნატიული ფართი შესთავაზა _ ქალაქის კულტურის სახლი და რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედანი, თუმცა, ხელისუფლებამ მალევე შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზის დათმობაზე უარი განაცხადა.
“ქართული ხმების” კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფს მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩა _რკინიგზის სადგურის მოედანი. ლანჩხუთელებს ჯერ არ ახსოვთ ამ ტერიტორიაზე რომელიმე საჯარო ღონისძიება ჩატარებულიყოს. ამ ეტაპზე, რკინიგზის სადგურის რემონტის დამთავრების შემდეგ, ტერიტორია ჯერაც არ არის დასუფთავებული და ამ ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარება შეუძლებელია.
ორგანიზატორებს სურდათ კონცერტი ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩაეტარებინათ, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” ხშირად მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. აღმოჩნდა, რომ ლანჩხუთის გამგეობას ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განუსაზღვრავს, რომ 18 სექტემბერს სწორედ ამ ადგილას სპორტსკოლის დღე უნდა ჩაეტარებინათ! ამ ოფიციალური მიზეზით “ქართულ ხმებს” კონცერტის გამართვაზე უარი განუცხადეს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რამოდენიმე საათის წინ დასრულდა და როგორც იქნა, სახელგანთქმული ფოლკლორული ანსამბლისთვის საკონცერტო ფართი ლანჩხუთის კულტურის სახლის შენობაში გამოიყო.