მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურისა და აჭარაში მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება: 106,000,000.00 ლარია და 55 ობიექტს მოიცავს.
“საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება გავრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შეიზღუდება:
კულტურულ-მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია და პროექტირება;
მუნიციპალიტეტებში სკოლებისა და საბავშვო ბაღების პროექტირება, მშენებლობა და რეაბილიტაცია;
რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და განვითარება;
საქალაქო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოწესრიგება;
გზების რეაბილიტაცია და მოწყობა;
სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმვა და მშენებლობა;
ადმინისტრაციული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ან რეაბილიტაცია;
ურბანული განახლებისა და განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ ღონისძიებები;
კომუნალური სისტემების (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრო სისტემების მოწყობა და გაუმჯობესება.
ენერგოეფექტიანობის პროექტები (შენობების თბოიზოლაცია, მზის/განახლებადი ენერგიის სისტემები)”.
ინფორმაციისთვის, შესყიდვის გამოცხადების შესახებ 14 ნოემბერს გამოცხადდა. განაცხადების მიღება კი 11 დეკემბერს უნდა დაიწყოს და 16 დეკემბერს შეწყდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საზედამხედველო მომსახურება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამატებული 1 თვე გარდამავალი პერიოდისთვის (2029 წლის 31 იანვრის ჩათვლით). გარდამავალი პერიოდისთვის მიმწოდებლის ვალდებულება განმარტებულია ტექნიკურ დავალებაში. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევის დაწყება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან დაუყოვნებლივ.
55 ობიექტიდან რამდენი მდებარეობს გურიაში და რა თანხაა გამოყოფილი,_ ამ კითხვებზე პასუხს “გურია ნიუსი” მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელოდება.































































