ანსამბლის წევრების შესრულებით, მაყურებელმა თითქმის ყველა ცნობილი ქართული ფოლკლორული და საესტრადო სიმღერა მოისმინა. სცენიდან წამოსულმა ემოციამ მაყურებელზე ძალზე სასიამოვნოდ იმოქმედა და იგი დაუვიწყარი სანახაობის მონაწილედ აქცია.
საესტრადო ნომრებს შორის წარმოთქმული მოკლე რეპლიკებით თემურ ჭკუასელი ცდილობდა მაყურებელი გაემხიარულებინა, თუმცა, არც პოლიტიკური ხასიათის განცხადებების გაკეთებისგან შეუკავებია თავი.
კონცერტის დასასრულს, როცა მაყურებლის ოვაცია ცოტათი დაწყნარდა, ჭკუასელმა თქვა, რომ 23 სექტემბერს, ლანჩხუთს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესტუმრება. ხალხი ამ განცხადებას ტაშითა და ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა, რომლის ფონზეც დარბაზის უკანა რიგებში მსხდომმა საჯარო სამსახურების თანამშრომლებმა ერთობლივად დატოვეს დარბაზი.
ჩვეულებრივ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კულტურის სახლში გამართულ ლოკალური ხასიათის კონცერტებსაც კი არ ტოვებენ, დღეს კი ცნობილი ანსამბლის კონცერტზე არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.