აქცია დაიწყო მასობრივი მსვლელობით. ხალხის ნაკადი, საპროტესტო შეძახილებით, თავდაპირველად პირველი საჯარო სკოლისკენ გაემართა. შემდეგ დემონსტრანტებმა პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს და ხმამაღლა გააპროტესტეს გუშინ ტელევიზიებით გავრცელებული შემზარავი კადრები. შემდეგ დემონსტრანტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობისკენ გაემართნენ და იქ განაგრძეს აქცია. ხალხის მასას, მსვლელობისას თანდათან უერთდებოდნენ რიგითი მოქალაქეები.
გამგეობის შენობასთან მისულმა ადამიანებმა ხელისუფლებას გუშინდელ კადრებზე რეაგირება მოსთხოვეს. აქცია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამომსვლელები მოუწოდებდნენ ადმინისტრაციულ შენობაში მყოფ პირებს შეერთებოდნენ საერთო სახალხო წინააღმდეგობას.
აქციის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ გამგეობის შენობიდან გამოვიდა და სოლიდარობა გამოხატა ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან მერაბ წილოსანმა. შემდეგ მომიტინგეები ქალაქის ცენტრალური პარკისკენ გაემართნენ და იქ გამართეს მცირეხნიანი აქცია. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლანჩხუთში სტუმრად მყოფმა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ.