მკურნალიძე წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთადანაა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი 2009 წლიდან ეკავა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გაგა მკურნალიძის მშობლებმა, ამ ეტაპზე, ოზურგეთი დატოვეს. როგორც ამბობენ, მკურნალიძის დედამ ამ ამბის შემდეგ დიდი სტრესი მიიღო და ის ცუდად არის.
კადრების გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მკურნალიძის ბებიის ორმოცი იყო, რომელიც ლამის მოვლენად იქცა მთელს გურიანთაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნები, ერთ-ერთ რესტორანში შეიკრიბნენ და ტრადიციულად, სუფრაზე მყოფი ყველა წევრისგან, პრეზიდენტის სადღეგრძელოს დალევა მოითხოვეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე გურიანთელმა სუფრის გაპოლიტიკურება გააპროტესტა და იქაურობა დატოვა.
გუშინ დილით, მკურნალიძეებს, სახლის წინ ცოცხები დაუყარეს…
გაგა მკურნალიძის სახელს პატიმრების ცემასთან დაკავშირებული არაერთი გახმაურებული ფაქტი უკავშირდება. ოზურგეთში, მკურნალიძეების კლანზე ხშირად, მაგრამ შეფარულად და შიშით საუბრობდნენ.
“გურია ნიუსის” არქივში არაერთი მასალა მოიპოვება, რომელთა გამოქვეყნებას მკურნალიძეების მხრიდან სერიოზული აგრესია მოჰყვა.
2011 წლის 17 მარტს, “გურია ნიუსის” ვებგვერდზე განთავსდა წერილი “მოვაჭრეები მშენებლობას აპროტესტებენ, სადაც ვწერდით, რომ ოზურგეთში ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ძალიან დიდი ტერიტორიისი მფლობელი სწორედ გაგა მკურნალიძის მამა, ავთო მკურნალიძე იყო.
2011 წლის 1 აგვისტოს, კიდევ ერთი წერილი გამოქვეყნდა ამავე თემაზე “ბაზარი გაბრიჩიზის ოთახში”:
“_ ხან შეფარულად, ახლა კი აშკარად გვდევნიან იმის გამო, რომ ვიღაცა ერთპიროვნულად არის მთავრობასთან შეკრული და ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია მონოპოლიზებული აქვს,” იქ, ადგილები მხოლოდ ერთი პიროვნებისაა _ ავთო მკურნალიძის. ჩვენნაირს არ მიუშვებენ ამ ადგილზე, იქ მკურნალიძისაა ყველაფერი! იჯარა მინდაო, თუ ეტყვი, ვერ მოგცემენ, გეტყვიან _ მკურნალიძისააო, ვინ იყიდა? _ მკურნალიძემ, ვისი ობიექტი შენდება? _ მკურნალიძის, ასეა ეს! _ ეს განცახდებები მოვაჭრეებმა მაშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შუქრი გაბრიჩიძის ოთახში გააკეთეს.
ამავე ნომერში გამოვაქვეყნეთ ავთო მკურნალიძის კომენტარიც.
“_ ეს არის სახელმწიფო ქონება. მე მაქვს აღებული 172 კვადრატული მეტრი ფართი და მეტი არაფერი. არც ერთ მოვაჭრესთან შეხება და კავშირი არ მაქვს. ნუ აკეთებ ჩანაწერს, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. ავიღე იჯარით ფართი, რომელიც დამწვარი იყო, სურათებსაც წარმოგიდგენთ, და აღვადგინე. მიწა სახელმწიფოსია და არაფერი კავშირი არ მაქვს არც ერთ მოვაჭრესთან. პატარა მაღაზიები ყველა იჯარით არის გაცემული. ვინც თქვენთან იყო მოსული, მათ რაღაც მიზანი ამოძრავებთ. თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს, მოვიდეს თქვენთან ერთად, ნახეთ ფაქტი ადგილზე და ისე დაწერეთ, თუ რაიმე დასაწერია, _ ჭკუა დაგვარიგა მკურნალიძემ.
ამ წერილების გამოქვეყნების შემდეგ ავთო მკურნალიძემ მიაკითხა ჩემს მეუღლეს რამდენიმე თანმხლებ პირებთან ერთად, მათ შორის იყო ბახმაროს პოლიციის ყოფილი უფროსი შოთიკო მჟავანაძე, ასევე გურიანთის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ მჟავია და ბიზნესმენი ბაკურ შარაშენიძე. ყველაზე აგრესიული მათ შორის, ავთო მკურნალიძე იყო, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს მეუღლეს იმის გამო, რომ მკურნალიძეების ბიზნესების შესახებ “გურია ნიუსში” წერილები გამოქვეყნდა (ავტ. ჟანა მეგრელიშვილი).
აღსანიშნავია ისიც, რომ გაგა მკურნალიძის ბიძაშვილი კარლო მკურნალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამმართველოში ოზურგეთის განყოფილების უფროსად მუშაობს. ლაითურში მშენებარე ციხის უფროსად, ამ დრომდე, სწორედ მისი კანდიდატურა სახელდებოდა…