შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას სტუდენტებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის აქტივი დაესწრო.
“სოციალურ ქსელებში გუშინ იყო ძალიან ცუდი წარწერები _ “გაუკეთდება ახალაიას ცოცხი?”. ასე ის ადამიანები ქილიკობენ, ვისაც ახალაია ან ხელისუფლება მიაჩნია თავის მტრად. პატიმართა წამებით აღშფოთებულები არიან, მაგრამ ისინი სიამოვნებით ნახავენ ცოცხს ახალაიას უკანალში. ეს არ არის ადეკვატური რეაქცია.”
ბარამიძემ დასძინა, რომ ეკა ზღულაძე არის ადამიანი, რომელიც გარეგნულად ასხივებს იმას, რაც შინაგანადაა და ვანო მერაბიშვილთან ერთად იგი ციხეში მდგომარეობას გამოასწორებს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გააკრიტიკა “ტელეარხი 25” და განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა არხის მიერ გუშინდელი შეხვედრის გაშუქებით: “ტელეარხ 25″-მა ისე ამოჭრა და დაამონტაჟა ჩემი სინქრონი, რომ დედაზე ლექსი დედის გინებად გადააქცია,” – თქვა ბარამიძემ და იქვე დასძინა, რომ არხის გადაცემა “დიალოგითაც” უკმაყოფილოა:
“ერთ-ერთი უბადრუკი ჩემი კონკურენტი ამბობდა, რომ ბარამიძეს შეეშინდა დებატებზე მოსვლაო. იმიტომ არ მივედი, რომ 25 არხი სამარცხვინოდ გაყვა ერთ-ერთი კანდიდატის ულტიმატუმს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ფეხებზე მკიდია ტელე-25 დაწესებული ფორმატი დებატებისა, მე არ ვკადრულობ სხვა პარტიებთან ერთად დებატს და მხოლოდ ვიკადრებ და ვინებებ ჩემს მთავარ კონკურენტთან დებატს, კეთილი ინებოს 25-ე არხმა და შეცვალოს ფორმატიო. ვიყავი მანამ ამ არხზე, მაგრამ მაშინ ის ჩემი კონკურენტი არ გამოცხადდა. მე პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას. მაგრამ ისინი ისე მოიქცნენ, როგორც გადახრილები არიან, ვერ გაუძლეს ცდუნებას და ექსკლუზიურად დაუთმეს ჩემს კონკურენტს დრო”.
ბარამიძის ამ განცხადებას გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი ნათია ზოიძე გამოეხმაურა, თუმცა, დეპუტატობის კანდიდატმა მას კითხვის დასმა, რეპლიკით _ “მკითხეთ, თუ რამე ჭკვიანური გაქვთ საკითხავი”, შეაწყვეტინა.
გიორგი ბარამიძე შეხვედრის მიმდინარეობის დროს კონკურენტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გასცემს მათ პასუხს და ნებისმიერ მინდორზე დაამარცხებენ.
ბარამიძის შეხვედრის მეორე ნაწილი ციხეების თემას შეეხო. მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებს მომხდარს და ყველაფერს აკეთებს მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
“ჩვენ გავარემონტეთ ციხეები, პატიმრები ერთმანეთს არ აზიან თავზე და ციხეში აღარაა ნარკომანია. მართალია, ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც ხდებოდა, მაგრამ არც ამის დაუნახაობა იქნება,” – თქვა ბარამიძემ.
ბარამიძემ შეხვედრის დანარჩენი დრო მთავარი თემას _ “ომი და მშვიდობას” დაუთმო. ომზე საუბრისას მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთზე საუბარს, რუსულ კაგებეს და მათ წარმომადგენლებს საქართველოში მიეძღვნა.

































































