ივანიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სატელიტური პარტიები უფრო უარესები არიან, ვიდრე მმართველი პარტია: “ქრისტიან-დემოკრატები”, “ლეიბორისტები” და “ახალი მემარჯვენეები” უფრო უარესები არიან, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა”. “ხელისუფლება სახეს აჩვენებს თავისას, ესენი კი იქ არიან და გვატყუებენ, თითქოს იქ არ არიან. ესენი კიდევ უფრო უარეს პოზიციაზე დგანან და არაფერი მოგატყუოთ”, _ დასძინა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მერაბიშვილს რაიმე თანამდებობა ერგოს, უპასუხა, რომ მერაბიშვილს თანამდებობაზე არა, მაგრამ შანსი ექნება დარჩეს ქვეყანაში და აკეთოს სხვა საქმე: “მას მშვიდი ცხოვრების უფლება ექნება”.
ასევე ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ პატიმრების წამების ვიდეოების უკან ივანიშვილი და “ქართული ოცნება” დგას: “ეს კაცი ცრუპენტელაა. როგორ არ რცხვენია, რომ ასეთ რამეებს აკეთებს? მან და მისმა დაქირავებულმა ჟურნალისტებმა ძირითადად აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ ვიღაცამ, ჩემს გვარს ვერ ამბობენ, ოპოზიციამ, როგორ გაბედა და შემოინახა ეს ვიდეო. იმაზე აღარ საუბრობენ, რა ხდებოდა ციხეებში. სად აქვთ საბუთი, რომ ჩვენ გვქონდა ეს ვიდეოები?” _ განაცხადა ივანიშვილმა.