მან კახა ჟორჟოლიანის დაკავებასთან დაკავშირებით მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს კომენტარი მისცა, მისი თქმით პოლიცია სწორედ ამის გამო შეეცადა მის განეიტრალებას.
“დღეს აპირებდნენ ჩემს დაკავებას, სახლში მომაკითხეს, მაგრამ საარჩევნო შტაბში ვიყავი ჩასული, მეუღლეს მოაწერინეს ხელი, რომ გამოვცხადდე დაკითხვაზე. ახლა მირეკავს გამომძიებელი ნაჭყებია და მეუბნება რაც მალე ამოხვალ, მით უკეთესი შენთვისო,” _ აცხადებს ხერგიანი.
ავთო ხერგიანის განცხადებით კოალიცია „ქართული ოცნების“ მესტიის შტაბის წევრს კაპიტონ ჟორჟოლიანს პროვოკაცია მოუწყვეს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მას შელაპარაკება მოუხდა ცესკოს ტრენერ არჩილ სოფრომაძესთან. ხერგიანის თქმით, ცესკო უარყოფს, რომ სოფრომაძე მის მიერ გაგზავნილი ტრენერია. “ქართული ოცნების” მესტიის შტაბმა დაადგინა სოფრომაძე კუდ-ის თანამშრომელია.
“ამ უსამართლო დაპატიმრებამ ხალხის აღელვება გამოიწვია. ხალხი ითხოვდა, რომ ჟორჟოლიანი გაესამართლებინათ მესტიაში, მით უმეტეს, აქ არის ახლადგარემონტებული სასამართლო, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მათი მხრიდან უარს მოყვა ხალხის წინააღმდეგობა _ არ აძლევდნენ პატიმრის გაყვანის უფლებას, ამის მერე მოგვისიეს ჯარი, გვაქვს ვიდეოკადრები სადაც აშკარად ჩანს, რომ მათ აწერიათ “შეიარაღებული ძალები”. სიტუაციის განმუხტვა სცადა სამღვდელოებამ და ხალხს სთხოვა პატიმრის გატარება.” _ აცხადებს ხერგიანი “გურია ნიუსთან” საუბარში.
ხერგიანი ამბობს, რომ პოლიცია სვანეთში ყველა პოლიტიკურად აქტიური პირის დაკავებას შეეცდება: “ეს მიშას კუდის უკანასკნელი მოქნევაა, დაე, დამიჭირონ, მზად ვარ მსხვერპლი გავიღო და საქართველომ ბოლოსდაბოლოს ამოისუნთქოს”, _ აცხადებს ავთო ხერგიანი.