ყოვლად უსუსური ვერსია იმის შესახებ, რომ ამ ჩანაწრებს თავად ივანიშვილი აკეთებდა და ახლა, წინასაარჩევნოდ საკუთარ მაჟორიტარებს უქვეყნებს, საქართველოში დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებული საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს მოსახლეობაზე, არაფრად გამოდგება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქმედებით, რომელიც არაერთ კანონს არღვევს, სამართალდამცავი უწყებები თავად უნდა დაინტერესებულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ მისი გავრცელებისთვის შეეწყოთ ხელი. დუმილი მათი მხრიდან აშკარად ბადებს ეჭვს, რომ ეს სწორედ მათი ნამოქმედარი და შემდეგ, მათივე დამონტაჟებული უნდა იყოს. სავარაუდოდ, ამიტომაც ვრცელდება პოლიტიკური ოპონენეტებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ჩანაწერები ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით და არა შსს-ს ან პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
რის საფუძველზე ხორციელდება ვიდეო კონტროლი და ოთახებში მოსასმენი აპარატების დამონტაჟება. სად არის სასამართლოს ბრძანება და ვინ აკეთებს ამას? თუ არის მოსამართლის ბრძანება, რის საფუძველზე არის შედგენილი ეს სამართლებრივი დოკუმენტი?
საქართველოს კონსტიტუციის მე-20, კიდევ ერთი ფეხქვეშ გათელილი მუხლი
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად:
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ფარულად მოსმენის თემა, რომელიც მთელ რიგ პროცედურებთანაა დაკავშირებული და რომლის გახორციელებასაც ხელისუფლება, ციხის კადრების ნახვის შემდეგ, ვერ მოასწრებდა.
რაიმე რეალური არგუმენტი რომ ჰქონოდა, რომელიმეს წინააღმდეგ, (ირაკლი ღარიბაშვილის გინება რეალური არგუმენტების ნუსხაში არ შედის. ავტ), აქამდე რომელიმე მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმეებიც გავხდებოდით.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, მანანა კობახიძე, რომელიც პოლიტიკაში წასვლამდე აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, “გურია ნიუსთან” ფარულ ჩანაწერებზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ დავიწყოთ იქედან, რომ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი იმუნიტეტით სარგებლობს და მათი თვალთვალი, მოსმენა, პირადი ჩხრეკა და ა.შ. დაუშვებელია. ამას იცავს, როგორც საარჩევნო კოდექსი, ასევე სხვა კანონდებლობა, რომელიც არეგულირებს ოპერატიულ ღონისძიებებს. შესაბამისად, თუკი საქმე გვაქვს დანაშაულის წასწრების ფაქტთან, აქ არის ლაპარაკი არა ოპერატიულ ღონისძიებაზე, არამედ თუ საქმე ეხება დანაშაულს და უშუალოდ წასწრების ფაქტს. ამის შემდეგ, უნდა იყოს დაცული მთელი რიგი პროცედურა: ცსკო-სადმი მიმართვა, უნდა გაუქმდეს რეგისტრაცია და ა.შ. ამის შემდეგ, უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ანუ მაჟორიატრობის კანდიდატის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაშიც კი, თუ დაცული არ იქნება მთელი ეს პროცედურა, ვერ მოხდება მისი პასუხისგებაში მიცემა. არა თუ ისეთი ფარული ოპერატიული ღონისძიება, როგორიც არის მოსმენა, თვალთვალი და ა.შ. – აცხადებს მანანა კობახიძე “გურია ნიუსთან.”
ჩვენი ფარული “მსმენელები“ და მოსმენის გრიფით საიდუმლო ვადები
“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენებს შეეხება.
აღნიშნული კანონი, მართალია, არეგულირებს მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის წესს, თუმცა, არ განსაზღვრავს ვადებს, თუ რა პერიოდით არის ნებადართული კონკრეტული პირის მიმართ ხსენებული ღონისძიების გახორციელება.
ვადებთან დაკავშირებულ საკითხს ცალკე არეგულირებს უწყებრივი ნორმატიული აქტი, რომელსაც, თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ადევს. შესაბამისად, უცნობი რჩება, თუ რა ვადით არიან უფლებამოსილნი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, პირის სატელეფონო მოსმენებზე ფარული მოსმენები აწარმოონ. ხოლო „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზოგადი ვადები არ იძლევა იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ამა თუ იმ პირს უსმენენ თუ არა ფარულად.
რაც შეეხება ჩვენს მსმენელებს ოპერატიულ – სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ჩამონათვალი ასეთია:
1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ – სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;
დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებს;
ვ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;
ზ) პროკურატურის გამომძიებლებს.
თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფებსა და გამომძიებლებს.
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს.
საინტერესოა, რას აკეთებდნენ ეს უწყებები, თუკი ბიძინა ივანიშვილი ტოტალურ მოსმენებას აწარმოებდა? ან თუ ივანიშვილის ასეთი მოწყობილობა ჰქონდა, რატომ აქამდე არ იდება სოციალურ ქსელებში ფარული ჩანაწერები “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მონაწილეობით?
მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ამ მოსმენებს სწორედ შსს და უშიშროება ახორციელებდა და სპეციალური პროგრამებით ამონტაჟებდა:
_ ამ მოსმენებს ახორციელებდა შსს და უშიშროება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალურია. მონტაჟის სახით მიიღეს ის, რაც მიიღეს; მაგრამ იმის გამო, რომ ეს ჩანაწერები ვერ გამომჟღავნდებოდა შს-ს სახელით, აიძულეს ბატონი ბიძინას დაცვის წევრი, რომ თავისთავზე აეღო ყველაფერი. ამით, ორი კურდღლის დაჭერა სცადეს: ერთის მხრივ, დაცვის წევრი ამბობს, რომ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ისმენდა, რაც რა თქმა უნდა, უკანონოა იმიტომ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ეს ადამიანები და ვისი შეკვეთითაც არ უნდა იყოს მოსმენა, კანონს არღვევს და მორალურად არასწორია. გათვლილი იყო იმაზე, რომ ჩვენ გვქონოდა პრეტენზიები კოალიციის ლიდერთან და ერთმანეთს გადეკიდებოდნენ ჩვენი კოალიციის წევრები. ეს კი გამოიწვევდა დემორალიზებას და კოალიციის დაშლა. რა თქმა უნდა, ამაზე ჰქონდათ გათვლა. მოხდა პირიქით, 100-ჯერ მეტად შევკავშირდებით და პრინციპულად ვიბრძოლებთ. ნუ ექნება ხელისუფლებიდან იმის იმედი, რომ ამის გამო, რამე განხეთქილებას შეიტანენ ჩვენს რიგებში, _ განაცხადა მანანა კობახიძემ “გურია ნიუსთან”.
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას და ცსკო-ს, რომლებიც შეგვპირდნენ, რომ უახლოეს ერთ საათში გაგვცემდნენ კითხვაზე პასუხს. თუმცა, მათთან დაკავშირება, ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, ვერ შევძელით. “გურია ნიუსი” მათ კომენტარებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.



































































