პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარისა და ძალადობის შესახებ ქვეთავში, არასამთავრობო ორგანიზაციების მოკვლევების მიხედვით, შემდეგი მონაცემები ფიქსირდება:
პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება–დაპატიმრებები – პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება წლის განმავლობაში შედარებით იშვიათად ფიქსირდებოდა, თუმცა საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, დაკავებებმა იმატა, სექტემბრის ბოლოს კი ასეთი შემთხვევები უპრეცედენტოდ გაიზარდა და საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია. 19 სექტემბრის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების დაახლოებით 40–ზე მეტი აქტივისტი იქნა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული, რასაც თითქმის არცერთ შეთხვევაში არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები და ყველა შემთხვევაში დარღვეულია ადამაინის უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი სტანდარტები.
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებები – ხშირი იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებების შემთხვევები, როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორშიც, სულ ჩვენს მიერ აღრიცხულია 57 შემთხვევა;
ძალადობა და მუქარა პოლიტიკური ნიშნით – პოლიტიკური პარტიების აქტივისტები მთელი წლის განმავლობაში საუბრობდნენ მათ მიმართ განხორციელებული მუქარისა და დაშინების ფაქტებზე, რაშიც ხშირ შემთხვევაში თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობდნენ. ჩვენ მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირებულ იქნა 50-მდე მსგავსი შემთხვევა. რეგიონებში საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, ძალადობრივმა ქმედებებმა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა იმატა, რამაც განსაკუთრებულ მასშტაბებს სექტემბრის მე-2 ნახევარში მიაღწია. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავ ორგანოებმა არ გამოიჩინეს სათანადო და დროული რეაგირება აღნიშნული ინციდენტების დროულად და ეფექტურად გამოძიების თვალსაზრისით, _ აღნიშნულია განცხადებაში.